ახალი ამბები

არ აქვს ღია სივრცე, სადაც სეირნობის უფლებით ისარგებლებდა – ლომჯარია სააკაშვილზე

12 დეკემბერი, 2021 • 1379
არ აქვს ღია სივრცე, სადაც სეირნობის უფლებით ისარგებლებდა – ლომჯარია სააკაშვილზე

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტს გორის სამხედრო ჰოსპიტალში სასეირნო სივრცე არ აქვს, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის არის საჭირო. ამის შესახებ ლომჯარიამ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა:

“რაც პრობლემურად მეჩვენება არის, რომ აქ [გორის სამხედრო ჰოსპიტალში] ღია სივრცე არ არის უზრუნველყოფილი, სადაც ის, როგორც პატიმარი, ისარგებლებდა სეირნობის უფლებით. ასევე, ჩემი ინფორმაციით, როგორც პაციენტს, მას მეტი ფიზიკური დატვირთვა სჭირდება. ეს საკითხებიც იქნება განხილული”, – განაცხადა ლომჯარიამ.

ამასთან, ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეაფასებს და შესაბამის დასკვნას დადებს, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის საკითხს, სახალხო დამცველის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტთა ჯგუფი მსგავს დასკვნას გააკეთებს, ის ამ რეკომენდაციების განხორციელებას მხარს დაუჭერს.

სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფთან ერთად მიხეილ სააკაშვილი მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემაც მოინახულა. ყიფშიძის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, აქვს საერთო სისუსტე და უჭირს სიარული. ამასთან, მისი განცხადებით, სააკაშვილს ჯანმრთელობის ახალი პრობლემები გამოუვლინდა.

“ჩემი პერსონალური აზრით, მკურნალობა ბოლომდე ადეკვატური არ არის იმის, რაც მას სჭირდება. ეს არის დიაგნოსტიკა, პრეპარატები და ა.შ. პრეპარატებში უნდა მოხდეს კორეგირება, რადგან, შეიძლება, ერთი კვირის წინ ერთი პრეპარატი უნდა მიეღო, შემდეგ უნდა მიეღო სხვები… ასე, რომ ჩვენ ვფიქრობთ, საჭიროა თერაპიის კორეგირება, ახალი მედიკამენტების დამატება”, – განაცხადა ყიფშიძემ.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც ის უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა.

შიმშილობის 49 დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი