დღეს, 11 დეკემბერს, მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
როგორც კიკაბიძემ განაცხადა, ერთ-ერთი თემა, რაზეც სააკაშვილთან ისაუბრა, უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა იყო.
ამასთან, კიკაბიძის ინფორმაციით, სააკაშვილის მისაღებად მზადყოფნა პოლონეთმაც გამოთქვა.
„არ არის გატეხილი, მთავარი ეს არის. ვილაპარაკეთ იმაზე, ზელენსკი როგორ შემხვდა. მე ვუთხარი, შენი მოქალაქეა და უნდა წაიყვანოთ, თორემ მოკლავენ. მითხრა დღესვე დავიწყებ რეკვასო, იმის შემდეგ ჩამოვიდა სახალხო დამცველი, შემდეგ ადვოკატი. პოლონელებს უთქვამთ, ჩვენ მოგვეცით, ჩვენ მოვარჩენთ, მოვუვლით და მივხედავთო“, – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.
მომღერალი და მსახიობი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიის პირველი ნომერი იყო, თუმცა ოპოზიციის ბოიკოტის დასრულების შემდეგ პარლამენტში არ შესულა.