ახალი ამბები

რუსეთის ფედერაციის დაშლა გსურთ? ნატოსაც ეს უნდა – პუტინი VS სოკუროვი

10 დეკემბერი, 2021 • 3123
რუსეთის ფედერაციის დაშლა გსურთ? ნატოსაც ეს უნდა – პუტინი VS სოკუროვი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და კინორეჟისორ ალექსანდრე სოკუროვს შორის 9 დეკემბერს ადამიანის უფლებათა სხდომაზე რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის შესახებ პოლემიკა გაიმართა.

ინფორმაციას რუსული „მედუზა“ ავრცელებს.

მოგვიანებით შეხვედრის ჩანაწერი თავად კრემლმაც გაავრცელა.

კინორეჟისორმა თავის 15-წუთიან სიტყვაში, სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრა რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე და იკითხა, თუ „რატომ არ გაუშვებდნენ [რუსეთის ფედერაციიდან] ყველას [რესპუბლიკას], რომელთაც რუსეთთან ერთად ცხოვრება აღარ სურდათ“, რასაც ვლადიმერ პუტინისგან ხისტი რეაქცია მოჰყვა.

სოკუროვმა რუსეთის საგარეო პოლიტიკა „ძალიან კომპლექსურად“ შეაფასა, რომელიც, მისი განცხადებით, „ძალიან ძვირი ჯდება რუსეთის მსგავსი ღარიბი ქვეყნისთვის“.

მისი განცხადებით, რუსეთს სამხედრო ნაწილები ჰყავს ბელარუსში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. „როგორც მესმის, ჩვენ უნდა დავეხმაროთ სირიას, უნდა დავეხმაროთ დიდი დოტაციებით სამხრეთ რეგიონებს“, – განაცხადა სოკუროვმა.

მან ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები შეაფასა, როგორც დიდი პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური და ემოციური პრობლემა. „კავკასია ხდება ეთნიკურად ერთგვაროვანი. მთლიანი ძალაუფლება თავმოყრილია ადგილობრივების ხელში“, – განაცხადა სოკუროვმა. მისივე განცხადებით, ამ რესპუბლიკებს უფრო და უფრო აღარ უნდათ რუსეთთან ერთად ცხოვრება და უნდათ გამოყოფა.

„მოდით, გავუშვათ ყველა, ვისაც არ სურს ჩვენთან ერთად ერთ სახელმწიფოში ცხოვრება“, – განაცხადა მან დამსწრეების წინაშე.

ვლადიმერ პუტინმა სოკუროვის სიტყვის შემდეგ მას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა, რადგან რეჟისორის გამოსვლა არა სიტყვა, არამედ პოლიტიკური მანიფესტი იყო.

„თქვენ განაცხადეთ, რომ გავუშვათ ყველა, ვისაც ჩვენთან ერთად არ სურს ცხოვრება“. საიდან იცით, ვის სურს ცხოვრება ჩვენთან ერთად და ვის არა? დააკვირდით, როგორ აძლევს ხალხი ხმას. თქვენ შეგიძლიათ განაცხადოთ, რაც გსურთ, მაგრამ ხალხის უმრავლესობა კარგად აცნობიერებს, თუ რა შეიძლება მოხდეს, თუ ისინი განსხვავებულად იმოქმედებენ. ეს ყველაზე კარგად კავკასიაში ჩეჩენმა ხალხმა იცის“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

„თქვენ საუბრობთ მრავალფეროვნებაზე და მაგალითად მოიყვანეთ დაღესტანი. ის მრავალეროვნული რესპუბლიკაა, რა არის თქვენი შემოთავაზება, რომ მთლიანი დაღესტანი დავყოთ? ან დავყოთ ყარაჩაი-ჩერქეზეთი? ჩვენ 2 000 ტერიტორიული პრეტენზია გვაქვს ქვეყნის მასშტაბით, თქვენ იუგოსლავიის განმეორება გსურთ ჩვენს ტერიტორიაზე?“, – მიმართა პუტინმა კინორეჟისორს.

პუტინის განცხადებით, ის, რაც სოკუროვმა განაცხადა, ასევე სურს NATO-საც.

„რაზეც თქვენ საუბრობთ, რუსი ხალხის ინტერესია? ისინი დაინტერესებულნი არიან რუსეთის ფედერაციის (რომელიც მრავალეროვნული და მრავალკონფესიური ქვეყანაა) დაშლით? გსურთ, რომ მოსკოვის სამთავროდ გადავიქცეთ? კეთილი, NATO-საც ეს სურს“, – განაცხადა პუტინმა.

სოკუროვს პუტინმა მიმართა, რომ ზოგიერთი რამ უმჯობესია, პირდაპირ არ ითქვას და ზოგი რამ ძალიან მგრძნობიარეა და შესაძლოა, ვინმემ თავი შეურაცხყოფილად იგრძნოს.

ალექსანდრე სოკუროვი რუსი რეჟისორია. იგი რუსეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და სახალხო არტისტია. სოკუროვმა ფილმისთვის „ფაუსტი“ ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, ოქროს ლომი მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი