ახალი ამბები

ზამთრის ოლიმპიადა წუთიერი დუმილით დაიწყო

13 თებერვალი, 2010 • 1963
ზამთრის ოლიმპიადა წუთიერი დუმილით დაიწყო

ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის გახსნაზე საქართველოს ნაკრები შავი სამკლაურებითა და შავი შარფებით გამოვიდა. შავი ლენტი ქონდა  საქართველოს სახელმწფო დროშასაც.

ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ჟაკ როგემ სტადიონზე შეკრებილ 60 ათას ადამიანს სთხოვა, წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ ქართველი სპორტსმენის ხსოვნისთვის. 

 კანადის პრემიერ-მინისტრმა, სტივენ ჰარპერმა ვანკუვერში ქართველი სპორტსმენის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა.

“სპორტისადმი მის ერთგულებას და შეჯიბრების წყურვილს მთელი ოლიმპიადის განმავლობაში მიაგებენ პატივს”, – განაცხადა ჰაპერმა.

 უბედური შემთხვევაოლიმპიადის საზეიმო გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი საავდმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 150 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეასკდა.
ნოდარ ქუმარიტაშვილი ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში მეოთხე სპორტსმენია, რომელიც დაიღუპა.

ვანკუვერში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე.

 ოლიმპიური ოჯახი შეძრულია ქართველი მოციგავის დაღუპვის გამო. პარასკევს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ), ვანკუვერის ზამთრის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტისა და ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელები სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანაგუნდელებს. „მთელი ოლიმპიური ოჯახი შეძრა ამ ტრაგედიამ, რომელიც შავ ღრუბლად დააწვება წლევანდელ თამაშებს“, განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა ჟაკ როგმა.

მასთან ერთად განცხადებას ხელს აწერს ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ ფერლონგი: „თავზარდაცემული ვართ ამ ტრაგედიის გამო და სეოკ-თან ერთად თანაგრძნობას ვუცხადებთ სპორტსმენის ოჯახს, მეგობრებსა და თანაგუნდელებს; სპორტსმენისა, რომელიც ვანკუვერში ჩამოვიდა, რათა თავისი ოლიმპიური ოცნება აესრულებინა.“

დაღუპულის ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი იოზეფ ფენდტიც, რომლის თქმით, მთელი საციგაო ოჯახი შეძრულია მომხდარი ტრაგედიის გამო და თავისი ფიქრებით დაღუპულის ახლობლებთან არის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი