ახალი ამბები

ვანკუვერში ქართველი მოციგავე გარდაიცვალა

13 თებერვალი, 2010 • 1874
ვანკუვერში ქართველი მოციგავე გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა. გერმანული საინფორმაციო სააგენტო dpa-ს ცნობით, 21 წლის ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ვისტლერის (Whistler ) საციგაო ტრასაზე ვარჯიშის დროს ფინიშის ხაზის გადაკვეთისას ლითონის კონსტრუქციას დაეჯახა. იგი ციგადან გადმოვარდა და მძიმედ დაეცა. ნოდარ ქუმარიტაშვილი ვერტმფრენით გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა. ოლიმპიადა ვანკუვერში დღეს გამთენიისას გაიხსნება.

 

 საქართველოს ოლიმპირი გუნდი ტრაგედიის შემდეგ ფიქრობს ოლიმპიადის დატოვებას. სააგენტო Reuters -ს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჯაფარიძემ განუცხადა: “ყველანი შოკირებულნი ვართ და არ ვიცით, რა უნდა ვქნათ. ჩვენ არ ვიცით, მივიღებთ თუ არა მონაწილეობას ოლიმპიადის საზეიმო გახსნასა და ძირითად ასპარეზობაში”. საქართველო ვანკუვერში 8-კაციანი გუნდით არის წარმოდგენილი.

“ეს საშინელებაა”, განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა თომას ბახმა Thomas Bach). ეს არის სიკვდილის პირველი შემთხვევა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში.

 ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკულმა სიკვდილმა დაამწუხრა ოლიმპიური სამყარო. “ჩვენ შოკირებულნი ვართ ამ ტრაგედიით”, განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ. მან მოუწოდა სპორტულ სამყაროს კოლექტიური თანაგრძნობისკენ. “ახლა მწუხარების დროა. მე საუბარიც კი არ შემიძლია. ახალგაზრდა ათლეტი დაიღუპა.”

 ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ ფურლონგი ტრაგიკული შემთხვევით შეძრწუნებულია: “მე ვგლოვობ და ჩემი გუნდიც მიწაზეა დანარცხებული”.

ბორჯომის მკვიდრი ნოდარ ქუმარიტაშვილი პირველად მონაწილეობდა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში. მან სასიკვდილო ავარიამდე ორი კვირით ადრე მოიპოვა ვანკუვერის საგზური. იტალიურ სეზანაში გამართულ მსოფლიო თასის ფინალში ნოდარ ქუმარიტაშვილმა 28- ადგილი დაიკავა.

ტრაგიკულ შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე
ტრაგიკულ შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე

მასალების გადაბეჭდვის წესი