ახალი ამბები

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში სანიკიძე უკონკურენტოდ დარჩა

8 დეკემბერი, 2021 • 1836
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში სანიკიძე უკონკურენტოდ დარჩა

კალათბურთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ფედერაციის ახალი პრეზიდენტის ასარჩევად გასამართ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა ვიქტორ სანიკიძის სასარგებლოდ მოხსნა.

შედეგად, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ერთადერთი კანდიდატი იქნება, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

პაატა გურასპაულის თქმით, ის საკუთარ გუნდთან ერთად ფედერაციაში დარჩება, თუმცა აღნიშნა, რომ მისი ხედვები სპორტის ამ სახეობის განვითარებაზე სანიკიძისას ემთხვევა და არჩევნებზე ერთობლივი გუნდით წარდგებიან:

„კალათბურთის ოჯახი ერთიანია, ერთ მუშტად შეკრული. ყველას მიზანია კალათბურთი კიდევ უფრო წარმატებული იყოს. სწორედ ამ გუნდს წარმოვადგენთ მე და ვიკა სანიკიძეც. ჩვენ დავსხედით, ვისაუბრეთ, შევთანხმდით და გადავწყვიტეთ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ წარვდგებით ერთი გუნდით. იმ გუნდით, რომელსაც კალათბურთის განვითარება უნდა და ეს კანდიდატი იქნება ვიქტორ სანიკიძე.

კალათბურთის ერევნული ფედერაცია რჩება კალათბურთის სამსახურში. რაც შემეხება მე, ჩემთვის თანამდებობა იდეაფიქსი არ ყოფილა, მე ვრჩები ჩემს გუნდთან და ამ ადამიანთან ერთად და გავაგრძელებ მუშაობას იმისთვის რომ ქვეყანამ იამაყოს სპორტის ამ სახეობით“, — ამბობს ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი.

არჩევნები კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ასარჩევად 11 დეკემბერს, 13:00 საათზე „ქორთიარდ მარიოტშია“ დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი