ახალი ამბები

იყო განხილვა, დაპირისპირება არ ყოფილა — გამყრელიძე “მწვანე პასპორტებზე”

8 დეკემბერი, 2021 • 1024
იყო განხილვა, დაპირისპირება არ ყოფილა — გამყრელიძე “მწვანე პასპორტებზე”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე “მწვანე პასპორტების” საკითხზე დაპირისპირებას უარყოფს.

გამყრელიძის თქმით, 7 დეკემბრის სხდომის შემდეგ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარი იმიტომ არ გააკეთეს, რომ სიახლე არაფერი ჰქონდათ. თუმცა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელებული პრესრელიზიდან ირკვევა, რომ ახალი გადაწყვეტილებებიც იქნა მიღებული, მაგალითად, ბუსტერ დოზისთვის ინტერვალი 6-დან 5 თვემდე შემცირდა.

“ხომ გამოვიდა ღიბრაძე და გააკეთა კომენტარი? არ იყო ისეთი სიახლე სათქმელი, რომ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვას ეთქვა… დანარჩენი სტატისტიკა გამოქვეყნდა დილით”, — განუცხადა ამირან გამყრელიძემ “ტვ პირველს”.

კითხვაზე, “იყო თუ არა დაპირისპირება მწვანე პასპორტების თემაზე”, გამყრელიძე პასუხობს: “იყო განხილვა, არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა”.

7 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, “მწვანე პასპორტის” მუშაობა და ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს.

სხდომის შემდეგ მედიის ოთახში არ გამოჩენილან ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მისი მოადგილე თამარ გაბუნია, NCDC-ის დირექტორი ამირან გამყრელიძე ან მისი მოადგილე პაატა იმნაძე, რომლებიც ტრადიციულად მთავარი სპიკერები არიან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოზე უვადო მწვანე პასპორტები პრემიერ-მინისტრთან დაპირისპირების საგანი გახდა და ჯანდაცვის ჯგუფმა სხდომა მის დასრულებამდე დატოვა.

ერთადერთი, ვინც სხდომის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, იყო უწყებათშორისი საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე, რომელმაც დაპირისპირება უარყო.

“რატომ არ ჩამოვიდნენ, ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, ხოლო საბჭოზე რაც მოხდა, მოგახსენეთ… არანარი დაპირისპირება არ ყოფილა, იყო მსჯელობა და განხილვა საკითხების, როგორც ხდება ხოლმე”, — თქვა გიორგი ღიბრაძემ.

ე.წ. მწვანე პასპორტის კონცეფცია 1 დეკემბრიდან ამოქმედდა, რაც ნიშნავს იმას, რომ კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე, სამთო კურორტების საბაგირო გზებზე 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს ე.წ. მწვანე სტატუსი მოეთხოვებათ. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. რეინფიცირების რისკების გამო, კორონავირუსის გადატანის შემდეგ მწვანე სტატუსის უვადოდ მინიჭებას ჯანდაცვის სფეროს არცერთი წარმომადგენელი არ ეთანხმება. ექიმების აზრით, ამ მიდგომას საერთო არაფერი აქვს მეცნიერებასთან და არ მოქმედებს არცერთ ქვეყანაში. თუმცა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არ გაითვალისწინა დარგის სპეციალისტების და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია, კოვიდგადატანილის “მწვანე სტატუსი” გარკვეული პერიოდით შემოიფარგლოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი