ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთსა და აზერბაიჯანს “ერთმანეთის დისკრიმინაციის შეწყვეტა” მოსთხოვეს

8 დეკემბერი, 2021 • 1162
სომხეთსა და აზერბაიჯანს “ერთმანეთის დისკრიმინაციის შეწყვეტა” მოსთხოვეს

გაეროს საერთაშორისო სასამართლომ ჰააგაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის საქმეებზე ორი გადაწყვეტილება გამოიტანა. სასამართლომ აზერბაიჯანი დაავალდებულა, შეწყვიტოს სომხების დისკრიმინაცია საკუთარ ტერიტორიაზე, სომხეთის ხელისუფლება კი  – შეწყვიტოს აზერბაიჯანელების დისკრიმინაცია. ამასთან, გადაწყვეტილებების აღსრულების მექანიზმები სასამართლოს არ აქვს.

“შუღლის გაღვივებისა და აზერბაიჯანელთა მიმართ სიძულვილის წახალისების შესაჩერებლად, მათ შორის ორგანიზაციებისა და კერძო პირების მიერ, სომხეთმა ყველა ზომა უნდა მიიღოს”, – სასამართლოს თავმჯდომარის, ჯოან დონაჰიუს სასამართლო პროცესზე წარმოთქმულ სიტყვებს საერთაშორისო მედია ავრცელებს.

იდენტური გადაწყვეტილებაა გამოცხადებული აზერბაიჯანის მიმართაც.

“ორივე მხარემ თავი უნდა შეიკავოს კონფლიქტის გაღრმავებისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯისგან”.

გარდა ამისა, სასამართლომ აზერბაიჯანი დაავალდებულა, უზრუნველყოს ყარაბაღის მეორე ომის დროს დატყვებული სომეხი სამხედროების უსაფრთხოება.

სასამართლოს სომხეთმა  2021 წლის სექტემბერში მიმართა  და აზერბაიჯანის ხელისუფლება დაადანაშაულა ყარაბაღის ომის დროს და საბრძოლო მოქმედებების შემდეგ ყველა სახის რასობრივი დისკრიმინაციის ნაწილში საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში. მალევე სასამართლოს მიმართა აზერბაიჯანულმა მხარემაც. ბაქომ სომხეთის ხელისუფლება დაადანაშაულა 2020 წლის ომის მსვლელობისას ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გატარებაში, აზერბაიჯანული კულტურის გადანდგურებაში და სიძულვილის გაღვივებაში.

როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული მხარეები გამოეხმაურნენ და მიესალმნენ სასამართლო გადაწყვეტილებას, ამასთან, ერევანმაც და ბაქომაც იმედი გამოთქვეს, რომ “მეორე მხარის მიერ გადაწვეტილება დაუყოვნებლივ იქნება აღსრულებული”.

საერთაშორისო სასამართლოსთვის სომხეთის მიმართვის ერთ-ერთი საფუძველი გახდა ყარაბაღის ომის შემდეგ ბაქოში ხელისუფლების მიერ გახსნილი “ომის პარკი”, რომელშიც ომში ნადავლის სახით მოპოვებულ სომხეთის სამხედრო რეკვიზიტებთან ერთად, სომეხი ჯარისკაცების ცვილის ფიგურები იყოს წარმოდგენილი. სომხური მხარისა და საერთაშორისო ნეგატიური გამოხმაურებების შემდეგ, პარკიდან ჯარისკაცების ფიგურები გაიტანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი