ახალი ამბები

საიამ რუსთავი 2–ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

12 თებერვალი, 2010 • 1399
საიამ რუსთავი 2–ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ტელეკომპანია რუსთავი 2 ის თვითრეგულირების კომისიის გადაწყვეტილება სააპელაციო ორგანოში გაასაჩივრა.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თვითრეგულირების კომისიაში საიამ საჩივარი 21 იანვარს შეიტანა. საჩივარი  12 დეკემბერს, პროგრამაში “კურიერი პ.ს.“  გასულ სიუჟეტს მოჰყვა. სიუჟეტი შეეხებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საქმიანობას და საუბარი იყო  “საიას დამსახურებით განთავისუფლებულ ოს კრიმინალებზე”.

“სიუჟეტის ავტორისა და პროგრამის პროდიუსერის მიერ მნიშვნელოვნად იქნა დამახინჯებული ზოგიერთი დეტალი, ხოლო ჟურნალისტების სუბიექტური, გადაუმოწმებელი მოსაზრება დაეყრდნო არსებითად მცდარ ფაქტებს…” ნათქვამი იყო საიას განცხადებაში.

როგორც საიას თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ტელეკომპანია რუსთავი 2 მა მორიგება შესთავაზა, თუმცა საიამ მორიგებაზე უარი უთხრა „რუსთავი 2 მოამზადებდა 90 წამიან სიუჟეტს დღის კურიერში. თუმცა დაკონკრეტებული არ იყო ამ სიუჟეტში როგორ იქნებოდა დრო განაწილებული – რა დრო დაგვეთმობოდა ჩვენ და რა დრო დაეთმობოდა რუსთავი 2–ს, რომ შემდეგ კომენტარი გაეკეთებინა, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მორიგების პირობები  ჩვენთვის არახელსაყრელი და არამომგებიანი იყო და ამიტომ  უარი ვთქვით. შესაბამისად, კომისია ვალდებული გახდა, გადაწყვეტილება მიეღო. „ განაცხადა თამარ ხიდაშელმა „ნეტგაზეთთან“.

რუსთავი 2 ის თვითრეგულირების კომისიამ საიას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა. „ჩვენს საჩივარში  აქცენტი გვქონდა იმაზე, რომ მეორე მხარის მოსაზრებები არ იყო  დაცული და ინფორმაცია სათანადოდ არ იყო გამოკვლეული. კომისია თავის არგუმენტებს გვთავაზობს, რომ ორივე მხარის პოზიცია გამოიკვლია, ყველა შესაძლო წყარო გადაამოწმა და ასე შემდეგ, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით და სააპელაციო ორგანოში გავასაჩივრეთ“ – ამბობს თამარ ხიდაშელი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საჩივარი თვითრეგულირების ფარგლებში შექმნილ სააპელაციო კომისიაში შეიტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი