ახალი ამბები

ჭაჭუნა – რა გავიგეთ მის ბიომრავალფეროვნებაზე

6 დეკემბერი, 2021 • 1896
ჭაჭუნა – რა გავიგეთ მის ბიომრავალფეროვნებაზე

გარეული ღორი, ტურა და ლელიანის კატა სხვა ცხოველებთან შედარებით ყველაზე მეტჯერ მოხვდნენ ჭაჭუნას დაცულ ტერიტორიაზე გადაღებულ ათი ათასობით ფოტოში.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჭაჭუნაში მრავლადაა გავრცელებული სწორედ ეს სამი ცხოველი. ეს არის „საბუკოს” ბიომრავალფეროვნების მკვლევრების ერთ-ერთი დაკვირვება.

„საბუკო” – ბუნების კონსერვაციის ორგანიზაცია, რომელიც BirdLife-ის, მსოფლიოს უმსხვილესი ბუნების კონსერვაციის ორგანიზაციის ადგილობრივი პარტნიორია საქართველოში, ჭაჭუნას აღკვეთილს 2019 წლიდან იკვლევს.

რას წარმოადგენს ჭაჭუნას აღკვეთილი

ჭაჭუნას აღკვეთილი მდებარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვართან.

მისი ფართობი 5032 ჰექტარია და გამორჩეული ეკოსისტემის გამო ზურმუხტის ქსელში ჩართული ტერიტორიების სიაში შედის. ზურმუხტის ქსელი 1989 წელს შექმნეს ბერნის კონვენციის ხელმომწერმა ქვეყნებმა ევროპის ბუნებრივი ჰაბიტატების დასაცავად.

ჭაჭუნას აღკვეთილი. ფოტო: „საბუკო“

ჭაჭუნაში ბინადრობს ბერნის კონვენციით დაცული 60- მდე ფრინველი, მათ შორისაა ბექობის არწივი. თუმცა ჭაჭუნას სახეობების შესახებ მწირი ცნობები ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რის გამოც „საბუკომ” აქ კვლევითი სამუშაოები დაიწყო.

“საბუკოს” ბიომრავალფეროვნების კვლევა

„იმის მიუხედავად, რომ წლების წინ აქ გარკვეული კვლევები ჩატარებულა, დღეს ეს ინფორმაცია, ერთი მხრივ, ხელმისაწვდომი  არ არის, მეორე მხრივ, უბრალოდ მოძველებულია და საჭიროებს განახლებას. აბსოლუტურად თეთრი ფურცლიდან დავიწყეთ მუშაობა”, – აცხადებს “საბუკო”, რომელმაც კვლევა ჭაჭუნაში 2019 წლის დეკემბრიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

რა ცხოველები ბინადრობენ მდინარე იორის ჭალაში? იყენებენ თუ არა ცხოველები ჭალის მიმდებარე ქედებს აზერბაიჯანისკენ გადასაადგილებლად? არის თუ არა ჭალის ტყე მართლაც ასეთი მნიშვნელოვანი და კონკრეტულად რომელი ადგილებია ერთგვარი „ცხელი წერტილები“ ცხოველთა საბინადრო არეალში?”, – ეს არის კითხვები, რომლებსაც „საბუკოს“ მკვლევრებმა პასუხი უნდა გასცენ.

მთელ ამ ტერიტორიას მკვლევრები რამდენიმე მეთოდით იკვლევენ, მათ შორის: ვიზუალური დაკვირვებით, ფოტოხაფანგებითა და აკუსტიკური მოწყობილობით. სწორედ ამ მეთოდების ერთობლიობით უნდა უპასუხონ სპეციალისტებმა ზემოთ მოყვანილ მთავარ კითხვებს.

მკვლევრები ამბობენ, რომ ეს მეთოდები შერჩეულია რამდენიმე პრინციპით: სანდოა, სხვადასხვა კვლევებითაა გამყარებული, შესაძლებელია შედეგების გაზომვა და შესრულება და, რაც მთავარია, უხეშად არ ერევა გარემოში და არ აწუხებს ცხოველებს.

ფოტოხაფანგები: ზურაბ გურგენიძე ერთ-ერთია იმ სპეციალისტებს შორის, ვინც ჭაჭუნას ამგვარად იკვლევს. ის „საბუკოს“ კონსერვაციის მენეჯერია. იგი „ნეტგაზეთს” ფოტოხაფანგებით კვლევის ამ მეთოდის შესახებ უყვება.

ფოტოხაფანგი უბრალოდ ციფრული კამერაა, რომელიც ინფრაწითელ სენსორთან არის დაკავშირებული. როდესაც ცხოველი სენსორის წინ გაივლის, ეს იწვევს კამერის ამოქმედებას და იღებს ფოტო-ვიდეომასალას, რომელიც უსაფრთხოდ ინახება მეხსიერების ბარათზე.
ფოტოხაფანგების ველზე დატოვება უწყვეტად რამდენიმე კვირა ან რამდენიმე თვეც კია შესაძლებელი, ამ დროის განმავლობაში მიმდებარე არეალი უწყვეტად კონტროლდება ისე, რომ უხეშად არ ერევა ადამიანი გარემოში და არ აწუხებს ცხოველებს.

„ამჟამად ჭაჭუნას აღკვეთილში 50-მდე ფოტოხაფანგია განთავსებული. ფარავს მთლიანად ჭალის ტყესა და ჭაჭუნას მიმდებარე ხევებს. ფოტოხაფანგები განთავსებულია თითქმის მთელ ტერიტორიაზე, რადგან სრული სურათი მივიღოთ”, – ამბობს გურგენიძე.

ფოტოხაფანგებით გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ ჭაჭუნაში მრავლადაა გავრცელებული გარეული ღორი, ტურა და ლელიანის კატა. სწორედ ეს ცხოველები გადაიღო ყველაზე მეტმა კამერამ და მათი ფოტოების რაოდენობაც აჭარბებს ყველა სხვა ცხოველის დაფიქსირებას.

“საბუკოს” ფოტოხაფანგებმა პირველად დააფიქსირა ჭაჭუნაში ფოცხვერი, რომელიც საქართველოში გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშეა და “საბუკოს” მკვლევრების ცნობით, აქამდე მხოლოდ ვარაუდები არსებობდა ფოცხვერის გავრცელების შესახებ. ჭაჭუნას მიმდებარედ, ვაშლოვანში, ფოცხვერის საკმაოდ მყარი პოპულაცია არსებობს, თუმცა არასდროს დაფიქსირებულა ჭაჭუნას ტერიტორიაზე.

როგორც ზურაბ გურგენიძე ამბობს, ფოცხვერი ჭაჭუნაში გადაიღეს, ჯამში – 2 ინდივიდი. მისი თქმით, საბოლოოდ კვლევებმა უნდა დაადგინოს მათი გადაადგილების ზუსტი მარშრუტიც.
როგორც გურგენიძე ამბობს, ამ დროისთვის ჭაჭუნაში არაერთი ცხოველი თუ ფრინველი ბინადრობს, რომელთა შორის არიან ენოტები, ტურები, ასევე, წითელ ნუსხაში შეყვანილი ლელიანის კატები, მგლები, დურაჯი, ბექობის არწივები და სხვა.

აკუსტიკური კვლევა: ბიომრავალფეროვნებაზე დაკვირვებისა და შესწავლის კიდევ ერთ მეთოდს აკუსტიკური კვლევა ჰქვია. გურგენიძე გვიხსნის, რომ აკუსტიკური კვლევის აპარატი ძალიან ჰგავს ფოტოხაფანგს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ არ აქვს ლინზა, აქვს მხოლოდ მიკროფონი.

„ამ მოწყობილობების განთავსება ხდება ჭალის ტყეში, სხვადასხვა ლოკაციაზე. ამჟამად არის 3 აკუსტიკური მოწყობილობა. მათი გამოყენების მეთოდი კი შემდეგნაირია: 4 დღის განმავლობაში ერთ ლოკაციაზე უნდა გაჩერდეს ერთი ასეთი დანადგარი. 4 დღის შემდეგ იცვლება ლოკაცია.

ამ პერიოდში მოწყობილობა იწერს ულტრაბგერებს – ანუ იმ ბგერებს, რომელსაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს. ხდება ამ ბგერების ჩაწერა, შემდეგ მონაცემები გადმოგვაქვს კომპიუტერში და ვტვირთავთ სპეციალურად შექმნილ აპლიკაციაში – სადაც საბოლოოდ ბგერების გარჩევა ხდება. იზომება მათი დიაპაზონი, რა ინტენსივობით გვხვდება ესა თუ ის ხმა, შემდეგ კი ხდება ღამურის სახეობების გარჩევა“, – ამბობს ზურაბ გურგენიძე.

აკუსტიკური კვლევით „საბუკოში“ მცირე ზომის, ბეღურასნაირ ჩიტების ხმებს იწერენ.
„თუმცა, 90%-ით ამ აკუსტიკური კვლევის მიზანი არის, რომ მოხდეს ღამურების ხმების ჩაწერა და გარკვევა, თუ რამდენი სახეობა გვაქვს ადგილზე“.

როგორც ზურა გურგენიძე განმარტავს, ჯერჯერობით რთულია ზუსტ სტატისტიკურ მონაცემებზე საუბარი, რადგან კვლევა ჯერ არ დასრულებულა. მისივე თქმით, სულ მცირე კიდევ ერთი წელია საჭირო იმისთვის, რომ ფრინველებისა და ცხოველების პოპულაცია ჭაჭუნაში ძირეულად შეისწავლონ.

ბექობის არწივის კვლევა

ჭაჭუნას ბიომრავალფეროვნების კვლევისას “საბუკოსთვის” ერთი ერთი პრიორიტეტულია ბექობის არწივის კვლევა.ბექობის არწივი მსოფლიოში მოწყვლად სახეობადაა მიჩნეული, საქართველოში კი წითელ ნუსხაშია შეყვანილი. ქვეყნის მასშტაბით ისინი გხვდებიან აღმოსავლეთ მხარეს.

ზურაბ გურგენიძე გვიყვება, რომ ის და მისი კოლეგები პირველები არიან საქართველოში, ვინც ბექობის არწივს GPS ნავიგაციის სისტემა დაუმაგრეს. GPS გადამცემებს ან ახალგაზრდა ბარტყს უმაგრებენ, სანამ ფრენას ისწავლის, ან უკვე ზრდასრულ ინდივიდებს, რომლებსაც სატყუარებით იტყუებენ.

„GPS სისტემით ვაკვირდებით მათ საიმიგრაციო მარშრუტს – სად მიფრინავენ, სად ჩერდებიან, სად ჩერდებიან დიდი ხნით, სად- პირიქით. გლობალური მასშტაბში რომ ავიღოთ, ისინი მიგრირებენ თბილი ქვეყნებისკენ, ეს არის საუდის არაბეთი – ირანის ტერიტორიები.

შესაბამისად, ზედამხედველობის ამ სისტემით ვნახულობთ, რა პრობლემა შეიძლება შეექმნათ მათ ამ ტერიტორიაზე. დღემდე, სამწუხაროდ, იმ ინდივიდებს შორის, ვისაც გადამცემები დავუყენეთ, 80% ელექტროგადამცემი ხაზების გამო დაიღუპა – მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ისინი ანძებზე დასხდნენ, მათ დენმა დაარტყა“, – განმარტავს გურგენიძე.

„14 წყვილი გვყავს აღრიცხული, 24 ზრდასრული ინდივიდი დავაფიქსირეთ წინა წელს საქართველოში. ჭაჭუნას აღკვეთილში არის წარმოდგენილი 7 წყვილი – ანუ 14 ინდივიდი“, – განმარტავს გურგენიძე.

გურგენიძე ამბობს, რომ ბუდეების უმეტესობა გაუქმდა, შემდეგ სეზონზე კი, როდესაც ბუდობა დაიწყება, მისი გუნდი დეტალურად გაარკვევს – რა გახდა ბუდეების გაუქმების მიზეზი, დაიღუპნენ თუ გაქრნენ ბარტყები.

„ახლა ვიწყებთ ახალ პროექტს, რომლის მეშვეობითაც უფრო ძირფესვიანად ჩავერთვებით ამ საკითხში და დავიწყებთ კვლევას, რომლის ფარგლებშიც ფრინველებს სისხლის ნიმუშებს ავიღებთ, რათა გამოვიკვლიოთ და ვნახოთ, რაიმე მომწამვლელი ნივთიერებები არის თუ არა სხეულში და შევქმნით დნმ ბაზას.

პარალელურად, ბუდეებზე დავაყენებთ ე.წ. ლაივ კამერებს, რისი მეშვეობითაც 24-საათიან რეჟიმში შეგვეძლება მათზე დაკვირვება და პრობლემის დადგენა. არის სხვადასხვა ვარაუდები, რის გამოც შეიძლებოდა ბუდეების გაუქმება. დავაკონკრეტებ: ვარაუდია, რომ კვერცხი შეიძლება შეეჭამა ყორანს და კვერცხის გარსში კალციუმის ნაკლებობა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ შეიძლება მდედრი ბექობის არწივის წონას ვერ უძლებდეს და მაგიტომ ტყდებოდეს კვერცხი.

ეს არის ვარაუდი.ჯერჯერობით არ ვიცი, როგორც აღვნიშნე, ბევრი ვარაუდია. დიდი კითხვის ნიშანია, რომელსაც ჯერჯერობით პასუხს ვერ ვცემთ, ამიტომაც გვინდა ზუსტად გავარკვიოთ, რა ხდება“, – ამბობს ზურა გურგენიძე.

ჯამში, ჭაჭუნას ბიომრავალფეროვნების კვლევის დასრულებისას “საბუკოს” იმედი აქვს, რომ დეტალური ინფორმაცია სახეობებისა და მათი მარშრუტების შესახებ ჭაჭუნას ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების სტრატეგიის შემუშავებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

ჭაჭუნას აღკვეთილი. ფოტო: „საბუკო“


სტატია მომზადდა “მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის პროექტის” ფარგლებში, რომელიც Cambridge Conservation Initiative-ის მხარდაჭერით, ლანდშაფტის აღდგენის საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში, ლისბეტ რაუსინგისა და პიტერ ბოლდვინის საქველმოქმედო ფონდი არკადიას დახმარებით ხორციელდება ორგანიზაციის “საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის” მიერ, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და Birdlife International-თან თანამშრომლობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი