ახალი ამბები

აცრის ყალბი საბუთის დამზადების ბრალდებით ექიმი და სამედიცინო ცენტრის დირექტორი დააკავეს

3 დეკემბერი, 2021 •
აცრის ყალბი საბუთის დამზადების ბრალდებით ექიმი და სამედიცინო ცენტრის დირექტორი დააკავეს

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით მე-4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ამავე ცენტრის ექიმი დააკავეს.

გამოძიების თანახმად, აღნიშნულმა პირებმა, კონკრეტული თანხის სანაცვლოდ, დაამზადეს “ფაიზერის” ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი და უკანონოდ დაარეგისტრირეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, რის შედეგადაც მოქალაქე, რომელსაც არ ჰქონდა გავლილი შესაბამისი იმუნიზაცია, აცრილად აღირიცხა.

გარდა ხსენებული ეპიზოდისა, სუს-ის თანახმად, ქმედება არ ატარებდა ერთჯერად ხასიათს და ბრალდებულები სისტემატურად ახორციელებდნენ არავაქცინირებული პირების ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე რეგისტრაციას, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით.

“ამჟამად მიმდინარეობს ხსენებული პირების იდენტიფიცირება და პარალელურ რეჟიმში ტარდება ინვენტარიზაცია #4 სამედიცინო დაწესებულებისთვის გადაცემული ვაქცინის ხარჯვის კანონიერების დასადგენად. ქვეყანაში შექმნილი კოვიდვითარებიდან გამომდინარე, მოუწოდებთ მოსახლეობას, თუკი ანალოგიური ხერხით დარეგისტრირებულნი არიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და კანონით დადგენილი წესით არ აქვთ გავლილი ვაქცინაცია, ნებაყოფლობით გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში და გათავისუფლდებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი”, — ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის (კომერციული მოსყიდვა) მე-4 ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის დამზადება) მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი