ახალი ამბები

სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ჟურნალისტების დაშვებას ითხოვს

1 დეკემბერი, 2021 •
სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ჟურნალისტების დაშვებას ითხოვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 2 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე ჟურნალისტებსი დაშვებას ითხოვს.

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო დარბაზში ჩემი კოლეგების ნახვა. მაგრამ ამჯერად მივმართავ სასამართლოს, რომ დარბაზში შემოუშვან ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის ჟურნალისტი, თუნდაც აპარატურის გარეშე, რათა საკუთარი თვალით ნახონ ეს ისტორიულად სამარცხვინო პროცესი და შეძლონ, ადგილზე ჩამოუყალიბდეთ საკუთარი შთაბეჭდილება”, — აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

2 დეკემბერს სასამართლო სხდომა გაიმართება სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეზე. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ შოთა თუთბერიძის ცნობით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მზად არის, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე გამოცხადდეს და სიტყვა წარმოთქვას.

“ხვალინდელ პროცესზე პრეზიდენტი წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება ყველა იმ აბსურდულ პოლიტიკურ ბრალდებას, რომელიც მის წინააღმდეგ გახლავთ. ეს სიტყვა იქნება ნიღბის ჩამომგლეჯი ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც იქნება ბრალდების სკამზე და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ასრულებს პოლიტიკურ დავალებას”, — განუცხადა თუთბერიძემ ჟურნალისტებს.

მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო სხდომაზე დასწრების საშუალება პირველად 29 ნოემბერს მიეცა. პროცესი 7 ნოემბრის საქმეს შეეხებოდა. სხდომაზე დასწრების და პროცესის პირდაპირ ეთერში გაშუქების საშაულება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონდა. სხვა ჟურნალისტებმა არათუ სასამართლო სხდომის გაშუქების ნებართვა ვერ მიიღეს, დარბაზში დამსწრედ ყოფნისა და სასამართლოს ეზოში შესვლის საშაულებაც არ მიეცათ.

სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმე

სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეზე პროკურატურამ ექსპრეზიდენტს 2014 წელს წარუდგინა ბრალი. გამოძიების ვერსიით, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელის, თემურ ჯანაშიას შორის შეთანხმებისა და პრეზიდენტის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი გაიფლანგა.

პროკურატურის თანახმად, მაგალითად, 2009 წლის თებერვალში მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში მოწვეული იქნა მასაჟისტი, რომელმაც აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტს გაუწია შესაბამისი მომსახურება.

“სამომავლოდ პრეზიდენტის ხარჯების შესახებ მსგავსი ინფორმაციის საზოგადოებაში გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 2009 წლის აპრილში მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება მისი პირადი მიზნებისათვის საჭირო თანხების გასაიდუმლოებული ფორმით ხარჯვის თაობაზე.

[ეს] მაშინ, როდესაც მანამდე პრეზიდენტის ხარჯები იყო საჯარო და ფინანსდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ სახსრებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტიდან საჭირო თანხების მობილიზებას მოახდენდა მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საიდანაც საიდუმლო რეჟიმში განხორციელდებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისათვის განკუთვნილი ხარჯების დაფინანსება”, — ამბობს უწყება.

მიხეილ სააკაშვილი ყველა ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი