ახალი ამბები

ვახტანგ კომახიძე დასავლეთ შვეიცარიაში იმყოფება

11 თებერვალი, 2010 • 1306
ვახტანგ კომახიძე დასავლეთ შვეიცარიაში იმყოფება

”შვეიცარიის მთავრობა ადასტურებს რომ ვახტანგ კომახიძემ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა” – განაცხადა შვეიცარიის ელჩმა საქართველოში “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ელჩ ლორენცო ამბერის თქმით, ვახტანგ კომახიძე, რომელიც ჯერ ჟენევაში იმყოფებოდა, ახლა დასავლეთ შვეიცარიაში, ე.წ. ფრანგულ კანტონშია.

კომახიძემ შვეიცარიის საემიგრაციო სამსახურს 8 თებერვალს მიმართა და  ელოდება გადაწყვეტილებას პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების თაობაზე.

 ”ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას მისი ვიზის ხანგრძლიობის შესახებ. ჩვენ ასევე არ დავკავშირებივართ მის ოჯახს და  გვაქვს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც შვეიცარიის მთავრობამ ოფიციალურად გადმოგვცა”, – განაცხადა შვეიცარიის ელჩმა.

მისივე თქმით, გამოძიებასთან დაკავშირებით არსებობს ოფიციალური პროცედურა, რომელიც მოქმედებს ანალოგიური შემთხვევების დროს:  მას (ვახტანგ კომახიძეს) დაუსვამენ გარკვეულ შეკითხვებს,  მოიკვლევენ მიზეზებს. ეს სტანდარტული პროცედურაა, რომლის ხანგრძლიობა საკმაოდ დიდია და ხშირად კონკრეტული შემთხვევებზეა დამოკიდებული.

 ”მე მიჭირს ვადების დასახელება, მაგრამ შემიძლია გითხრათ – ეს მალე ნამდვილად არ მოხდება” – განაცხადა ლორენცო ამბერიმ.

9 თებერვალს გავრცელდა ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის განცხადება იმის თაობაზე, რომ ის იძულებული გახდა შვეიცარიის მთავრობისთვის პოლიტიკური თავშესაფარი ეთხოვა.

”ეს უმძიმესი გადაწყვეტილება განპირობებულია ხელისუფლებისგან გამოვლენილი პირდაპირი, აგრესიული მუქარით, რომლის მიხედვითაც არაორაზროვნად მიმანიშნეს, რომ ჩემი საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში ჩემი, ან ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლე დადგებოდა საფრთხის ქვეშ”, – წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი