ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთი, 2021 წლის შემოდგომა – დიტერ ბოდენის წერილი

29 ნოემბერი, 2021 • 2706
აფხაზეთი, 2021 წლის შემოდგომა – დიტერ ბოდენის წერილი

ავტორი: დიტერ ბოდენი

02.11.2021


აფხაზეთში გამგზავრებას ამ შემოდგომაზეც რაღაც ეგზოტიკური თავგადასავლისმაგვარი ახლდა თან: საქართველოდან ანუ ქვეყნიდან, რომელსაც მიზანმიმართულად ევროატლანტიკური სივრცისაკენ უჭირავს გეზი, გადავდივართ რუსული ავტოკრატიის მიერ მართულ ზონაში. შესაბამისად, საგულდაგულოა მდინარე ენგურზე განთავსებული სასაზღვრო კონტროლის პუნქტები, სადაც უნიფორმაში გამოწყობილ რუს მესაზღვრეებთან გვაქვს საქმე. 1993 წელს საქართველოსთან ომის შემდეგ, რომელიც ამ უკანასკნელისთვის მწარე მარცხით დასრულდა, აფხაზეთი  იზოლირებული პროვინცია გახდა. 1992 წელს აფხაზეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ის დღემდე მხოლოდ რუსეთისა და სამი სხვა სახელმწიფოს მიერ არის აღიარებული. შედეგად, აფხაზეთი სრულ იზოლაციაშია მსოფლიოსგან. დღეს აფხაზებს სამოგზაუროდ, პრაქტიკულად, მხოლოდ რუსეთში შეუძლიათ წასვლა.

წლები დასჭირდა, სანამ აფხაზეთი ომის გამანადგურებელ შედეგებს მეტ-ნაკლებად დააღწევდა თავს. დედაქალაქი სოხუმი, რომელიც ერთ დროს გამოირჩეოდა თავისი ელეგანტური ხმელთაშუაზღვის კოლორიტით, დღეს მეტწილად აღდგენილია. შავი ზღვის მხარეს კვლავ განთავსებულია მდიდრული  სასტუმროების ფასადები.  შეგიძლიათ გაისეირნოთ ნავსადგურის სანაპიროზე კაფეებისა და პატარა რესტორნების გასწვრივ, სადაც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ სულის შემძვრელი სიცარიელე იყო. თუმცა შეცვლილია პუბლიკა: ძველი არისტოკრატული ელიტების ნაცვლად, დღეს ვაწყდებით სპორტულად ჩაცმულ რუს ტურისტებს, რომლებიც ამ ზაფხულს, ისევე როგორც გასულ წლებში, აფხაზეთს  სტუმრობენ დიდ ჯგუფებად, მეტწილად სრულპაკეტიანი ტურებით. ამასობაში სოხუმის სატრანსპორტო მოძრაობამაც იმატა და თითქმის დასავლეთის დიდი ქალაქების მასშტაბს მიაღწია. არცთუ ისე იშვიათი მოვლენა გახდა საცობები. ადგილობრივი მცხოვრებლები ამას მშვიდად იღებენ. მათთვის ეს დასავლური ცხოვრების სტილთან დაახლოების ნიშანია. მაგრამ, როგორც ამას საქმეში ჩახედული პირები აღნიშნავენ, ეს კორუფციის ბრალიც არის, რაც ჩვეული პრაქტიკაა გამდიდრებული მცირე ოლიგარქიის პირობებში.

მთლიანობაში, ეს მოჩვენებითი ნორმალური ცხოვრება ცრუ წარმოდგენას ქმნის. ამაზე მეტყველებს საუბრები პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, ადგილობრივი საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მრავალრიცხოვან წარმომადგენლებთან. ავტონომიური რესპუბლიკა ეკონომიკურად ვერ ვითარდება. როგორც უწინ, რესპუბლიკის ბიუჯეტის ორი მესამედი რუსული სუბსიდიებით  ივსება, რომელთა მოცულობასა და მიზნობრივ გამოყენებაზე მუდმივად გაცხარებული კამათია. პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა დაასახელა მიმდინარე საბიუჯეტო წლის სამი დიდი გამოწვევა: პანდემია, ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაცია – მან ახსენა ორი წყალდიდობა და ერთი ქარიშხალი – და რესპუბლიკაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული განახლება. კოვიდთან დაკავშირებით აღინიშნა შემდეგი სტატისტიკა: 110-დან 120-მდე ინფიცირების შემთხვევა და 2-3 გარდაცვალება დღეში. სამედიცინო მომსახურებამ თავისი შესაძლებლობების ზღვარს მიღწია.  პაციენტები გადაჰყავთ რუსეთის კლინიკებში, თუმცა მიიღეს  დახმარების შეთავაზება საქართველოდანაც, სადაც რამდენიმე პაციენტი გადაიყვანეს.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება  აფხაზეთის წინაშე მდგომ გადაუჭრელ პოლიტიკურ პრობლემებს, როგორიცაა, ერთი მხრივ, დაურეგულირებული ურთიერთობები მეზობელ საქართველოსთან, მეორე მხრივ კი, რუსეთთან.

პირველ რიგში, გარკვევას საჭიროებს ურთიერთობა საქართველოსთან, რომელთანაც 1992 წლიდან დარღვეულია სახელმწიფოებრივი ერთიანობა.  საერთაშორისო თანამეგობრობის აბსოლუტური უმრავლესობის პოზიცია უცვლელია და გულისხმობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობას, მათ შორის, ადრე შემავალი ქვეყნის ნაწილის, აფხაზეთის მიერთებას.  თუმცა ყოველ საუბარში, რომელიც აფხაზეთში მქონდა, ნათლად იგრძნობოდა, რომ აფხაზეთის დაბრუნება საქართველოს სახელმწიფოში, არსებული ისტორიული გამოცდილებების ფონზე, ნაკლებად წარმოსადგენია. 10 წელზე მეტია კომპრომისის მოძიების მიზნით ჟენევაში იმართება პირდაპირი მოლაპარაკებები ქართველებსა და აფხაზებს შორის შუამავალი  ქვეყნების მონაწილეობით. პრობლემის მოგვარების გზა ჯერჯერობით არ ჩანს. საქართველოსგან გამოყოფა ემოციურადაც დატვირთულია: ანქვაბმა ხაზი გაუსვა „გამორჩეულობის გრძნობას“, რაც მისი აზრით, ქართული მხარის ქცევას განაპირობებს.

აფხაზები უარყოფენ ქართული მხარის პოზიციას, რომლის თანახმადაც ისინი რუსეთის მიერ არიან ოკუპირებული და შეზღუდული არიან საკუთარი ნების თავისუფალ გამოხატვაში. პოლიტიკური სტატუსის პრობლემის მარტივად გადაჭრა, ქართული მხარის პოზიციის თანახმად, შესაძლებელი იქნებოდა  რუსეთის იძულებით, გაეყვანა ჯარები აფხაზეთის ტერიტორიიდან. ამ შემთხვევაში აფხაზებთან გაერთიანება თავისთავად მოხდებოდა. ამ ვერსიას არ იზიარებენ აფხაზები 1992/93 წლების  ომის ტრავმული გამოცდილების გამო, რომელიც მათ მეხსიერებაში მათი ფიზიკური განადგურების მცდელობადაა შემორჩენილი. ამ დროიდან მოყოლებული, ნდობა ქართველებისადმი მნიშვნელოვნადაა შერყეული. დღესდღეობით თითქმის აღარ არსებობს ადამიანური ურთიერთობები საქართველოს შიდა საზღვრის ორივე მხარეს შორის.

ამ გარემოებით აიხსნება აფხაზეთის დამოკიდებულება რუსეთთან. თავისი ისტორიის ხანგრძლივი პერიოდი, მე-19-ე საუკუნის ბოლოს ჩათვლით, რუსეთი აფხაზეთის დაუძინებელ მტერს წარმოადგენდა, რომელთანაც  უსასტიკესი ბრძოლები უწევდა. დღეს რუსეთი აფხაზეთის პარტნიორია ქართული პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც მუდმივ საფრთხედ აღიქმება. თუმცა ის მოძულებული პარტნიორია, რომლის ძალაუფლების პრეტენზიები ნაკლებად მოსაწონია. ეს ამბიციები გამოვლინდა ასევე ახლად აშენებული რუსეთის საელჩოს მასშტაბურ შენობაში, რომელიც ერთგვარად ჩაეკვეტა ძველი სოხუმის  ნაწილში, როგორც გამაგრებული ციხესიმაგრე. სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით აფხაზეთი რუსეთისთვის შეუფასებელი განძია, რომლის საშუალებით შავ ზღვაზე 200-კილომეტრიან სანაპირო ზოლს აკონტროლებს. რუსეთი დომინანტია ეკონომიკის სფეროშიც, განსაკუთრებით, ენერგეტიკულ სექტორში.

დღესდღეობით აფხაზები მცირერიცხოვანი ხალხია, რომლის რაოდენობა 100 000 ადამიანსაც არ ითვლის და რომელსაც ერთიან საქართველოში ყოფნის დროსაც მუდამ უწევდა უმრავლესობის გავლენის დაძლევა. ამის მსგავსი შიშის გრძნობაა დღეს აფხაზებში რუსეთის მხრიდან ზეწოლის გამოც. ეს ვლინდება მწვავე დისკუსიებში ორმხრივი მოქმედების მქონე  საკანონმდებლო ნორმების ირგვლივ.  ამჟამად განსაკუთრებულ სიმწვავეს იძენს უძრავი ქონების სექტორის საკითხი. არსებობს რუსეთის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლის თანახმად უნდა იქნას დაშვებული ორმხრივი მოქალაქეობის უფლება. ეს უკანასკნელი აფხაზური მოქალაქეობის მქონე რუსებს მისცემდა შესაძლებლობას, შეეძინათ აფხაზეთში უძრავი ქონება  ნებისმიერ დროს  – მოქმედების სრულ თავისუფლებას აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი მნიშვნელობის მქონე ობიექტების გასასხვისებლად, რომელიც უკუგდებულია დღემდე მოქმედი აფხაზური კანონმდებლობით. კანონპროექტი ხელმოსაწერად უდევს პრეზიდენტ ბჟანიას, თუმცა ის ჯერ ყოყმანობს. ენერგოსექტორი  შესაძლოა დამატებითი უთანხმოების  სფერო გახდეს: რუსეთი გამოდის აფხაზეთში გამავალი ენერგოხაზების შესყიდვის ინიციატივით, რომლებიც ტექნიკური განახლებისთვის  გადაუდებელ ინვესტირებას საჭიროებენ. ამ მიზეზით გამოწვეულმა ელექტრომომარაგების შეწყვეტამ   აფხაზეთში ენდემიური ხასიათი შეიძინა. ამ საკითხშიც აფხაზური მხარე ჯერ კიდევ თავს იკავებს რუსული შეთავაზების მიღებისაგან.

რუსული ზეწოლა იგრძნობა ასევე საკანონმდებლო ინიციატივებშიც, რომელთა თანახმად აფხაზური დამოუკიდებელი ორგანიზაციები „უცხოეთის აგენტებად“ უნდა გამოცხადდნენ, რუსეთში ახლად დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად. ეს ინიციატივა აშკარად უპირისპირდება აფხაზეთში მოქმედ მცირე, მაგრამ ძალიან აქტიურ არასამთავრობო სექტორს. ცოტა ხნის წინ აღნიშნული კანონპროექტი ჩავარდა  აფხაზეთის პარლამენტში პირველი მოსმენისას ხმათა მინიმალური უპირატესობით. მოსალოდნელია, რომ ეს კამპანია კვლავაც გაგრძელდება პრორუსული ძალების მიერ.

და ევროპა? არცერთ ჩემს მოსაუბრეს არ უარყვია, რომ აფხაზეთი დიდი ევროპული ოჯახის ნაწილს წარმოადგენს. თუმცა ასე ჟღერდა პასუხად კითხვა, განსაკუთრებით არასამთავრობოების მხრიდან -კი მაგრამ, სად არის ევროპის რეაქცია? როგორია ევროპის პასუხი კითხვაზე, თუ როგორ უნდა ჩაერთოს აფხაზეთი ერთობლივი თანამშრომლობის პროგრამებში? დღემდე მოქმედი პრინციპი „თანამშრომლობა აღიარების გარეშე“, რომელიც აფხაზეთის სტატუსის პრობლემის გადაწყვეტამდე ძალაში უნდა დარჩეს, ვერ იძლევა პრაქტიკულ შედეგს. დადგა ევროპის ჯერი, იმოქმედოს საჭიროების შემთხვევაში  თუნდაც ქართული მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად. მათთვის კარგადაა ცნობილი, რომ კონფლიქტი აფხაზეთის ირგვლივ ევროპისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია, მაგრამ საჭიროა თანამშრომლობა განსაკუთრებით ეკონომიკის, ტურიზმის და საგანმანათლებლო-საუნივერსიტეტო სფეროებში. აფხაზები დღემდე აწყდებიან სხვადასხვა  შემზღუდავ რეგულაციებს უცხოეთში მოგზაურობისთვის საჭირო პირადობის დამადასტურებელი საბუთების აღიარების კუთხით.

ეს კითხვა, რასაკვირველია, აქტუალური რჩება უფრო ფართო პოლიტიკურ კონტექსტშიც: როგორ განვითარდება მოვლენები აფხაზეთთან დაკავშირებით? – სად არის ახალი ინიციატივები, რაც აფხაზეთს არსებული იზოლაციიდან გამოიყვანდა? დღევანდელ ვითარებას, კერძოდ, არსებული სტატუს-კვოთი დაკმაყოფილებას, შეცდომაში შევყავართ; ამის უკან იმალება დღემდე მოუგვარებელი კონფლიქტი აფხაზეთის მომავალი პოლიტიკური სტატუსის ირგვლივ. არსებობს ამ სტატუსის დარეგულირების რაიმე რეალისტური პერსპექტივები, აფხაზების მხრიდან დამოუკიდებლობისადმი მგზნებარე სწრაფვის გათვალისწინებით? ეს კითხვა ისმის როგორც საქართველოსთან, ასევე, რუსეთთან მიმართებაში. ეს დიდი ხანია წარმოადგენს განხილვის საგანს და ის  სცილდება კავკასიის რეგიონს და მოიცავს საერთო ევროპულ ძალთა ბალანსს. ანქვაბმა აღნიშნა, რომ ბევრია იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ აღზრდიან ქართველები თავის მომავალ თაობებს, კერძოდ, აფხაზეთის პატივისცემით, ხალხისა, რომელიც მიისწრაფვის დამოუკიდებლობისაკენ სამოქალაქო ომის შემდეგ, რომელიც მის არსებობას ემუქრებოდა, თუ მცდელობით, მიაღწიონ შეთანხმებას ძალის მუდმივი გამოყენების გზით. პრობლემურია ასევე მომავალი ურთიერთობები რუსეთთან: იქნება კი რუსეთი მზად, გაუშვას აფხაზეთი საკუთარი გავლენის სფეროდან? მე-19-ე საუკუნეში, რუსეთის მიერ ცენტრალური აზიისა და კავკასიის დაპყრობის ეპოქაში, მოქმედებდა ფორმულა: „სადაც ერთხელ უკვე აღიმართა რუსული დროშა, ის იქ არასოდეს უნდა დაეშვას“. სასურველია, რომ აფხაზეთს მიეცეს შანსი, გააკეთოს არჩევანი ამ ორ ვარიანტს შორის.


ავტორის შესახებ: დიტერ ბოდენი – გერმანელი დიპლომატი. 19951996 წლებში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი საქართველოში1999 წლის 18 ოქტომბრიდან 2002 წლის 23 მაისამდე გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი და გაეროს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში. დიტერ ბოდენი მუშაობდა საქართველოში არსებული კონფლიქტების თაობაზე და წარმოადგენდა შუამავალ მხარეს სამშვიდობო პროცესებში. დიტერ ბოდენის სახელს უკავშირდება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების რვაპუნქტიანი გეგმა „თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის ძირითადი პრინციპები“, რომელიც საზოგადოებისთვის უფრო მეტად „ბოდენის გეგმის“ ან „ბოდენის დოკუმენტის“ სახელწოდებით არის ცნობილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი