ენდოკრინოლოგ ელენე გიორგაძის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ეტაპობრივად უმჯობესდება და მან რამდენიმე წუთით სიარულიც შეძლო.

ელენე გიორგაძე სააკაშვილის საკითხზე შექმნილი პირველი კონსილიუმის წევრია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით ჩამოყალიბდა.

“ჩვენ მივყვებით პროგრამას ყოველდღიურად. მისი ორგანიზმი ამის საშუალებას გვაძლევს. ყველაფერი გეგმურად მიდის და ნელ-ნელა უკეთესად ხდება. მაგრამ რამდენი დრო დასჭირდება, ნამდვილად არ ვიცი. ამდენი ხნის შიმშილის შემდეგ, ადამიანი შემდეგ არ მოძრაობდა… გუშინ პირველი მცდელობა გვქონდა, რომ გაევლო დერეფანში. ცოტა გაუჭირდა, მაგრამ, როგორც მორიგე ექიმმა და თვითონ პაციენტმა მითხრა, საღამოს შეძლო 5 წუთის განმავლობაში დერეფანში გავლა-გამოვლა. ნელ-ნელა და კონტროლის ქვეშ ფიზიკურ დატვირთვასაც დავუმატებთ”, — განაცხადა ელენე გიორგაძემ.

ელენე გიორგაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რით აიხსნება, რომ მიხეილ სააკაშვილი, შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, გორის ჰოსპიტალში უფრო სუსტადაა, ვიდრე გამოიყურებოდა გლდანის ციხის საავადმყოფოში (მნახაველების თქმით). ენდოკრინოლოგის თქმით, შედარებას ვერ გააკეთებს, რადგან გლდანის ციხის საავადმყოფოს ანალიზები ხელთ არ აქვს. ელენე გიორგაძე, რომელიც მთავრობის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრია, აცხადებს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში მხოლოდ 19 ნოემბერს ნახეს და მისი დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაცია მოითხოვეს.

“ვინც ვართ პირველი კონსილიუმი, მე-12 დაწესებულებაში პირველი დღიდან ვმართავდით პაციენტს. იქ ყველაფერი ვიცოდი, ანალიზებიც მეჭირა ხელში და მის მდგომარეობას ვაფასებდი. როცა გადაიყვანეს მე-18 დაწესებულებაში, პაციენტმა გამოაცხადა როგორც სამედიცინო დახმარებაზე უარი, ისე ანალიზებზე. მე ვერ შევაფასებ პაციენტს, თუ არ ვნახულობ მის კლინიკას და არ მიჭირავს ხელში ანალიზები. ჩვენ ვნახეთ მარტო იმ დღეს, როცა აქ გადმოგვყავდა. დილიდან ვიყავით იქ და შუადღეს ვთქვით, რომ სასწრაფოდ უნდა გადმოვიდეთ საავადმყოფოში”, — განაცხადა ელენე გიორგაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსახილველად ექიმთა პირველი კონსილიუმი ჯანდაცვის და იუსტიციის სამინისტროების მიერ 18 ოქტომბერს შეიქმნა. კონსილიუმმა დაასკვნა, რომ სააკაშვილი მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას საჭიროებდა. იუსტიციის სამინისტრო აცხადებდა, რომ ეს მაინცდამაინც სამოქალაქო საავადმყოფოს არ ნიშნავდა და გლდანის ციხის საავადმყოფო ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა. ამასთან, პენიტენციურმა სამსახურმა მთავრობის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმი გლდანის ციხის საავადმყოფოში არ დაუშვა.

ალტერნატიული კონსილიუმი შექმნა ცენტრმა “ემპათიამ”. სახალხო დამცველმა კი საკუთარი მანდატის ფარგლებში ჩამოაყალიბა მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც 17 ნოემბერს სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.

მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც პირველი ოქტომბრის შემდეგ შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამის საათებში გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მანამდე სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მისი მულტიპროფილურ კლინიკაში ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა.