პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „მიკერძოებული“ ევროპარლამენტარისა და კონგრესმენის აზრი მისთვის საინტერესო არ არის.  ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნისას ევროპარლამენტართა და კონგრესმენთა „მეგობართა კლუბების“ შექმნა მოახერხა და მათი განცხადებები არც მოსახლეობისთვის უნდა იყოს საინტერესო.

„ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ჩვენი ქმედებით დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია, დაგეგმილ საინფორმაციო, ფსიქოლოგიურ ომს ვუპასუხოთ საქმით. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით გვქონდა ხელშესახები პროგრესი. ყოფილი ხელისუფლების მეგობართა კლუბები არსებობენ, მათ შორის, ევროპაში, აშშ-ში, და მათი განცხადებები ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის, აბსოლუტურად უინტერესოა.

მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, მათ მოახერხეს და შექმნეს ე.წ. მეგობართა კლუბები, ვგულისხმობ, ევროპარლამენტარებს, კონგრესმენებს და სხვადასხვა ანალიტიკურ ცენტრებში დასაქმებულ ე.წ. ექსპერტებს, რომლებიც დღესაც აქტიურობენ და არა ქვეყნის მეგობართა კლუბებში, არამედ პირადი ნაცნობობა და მეგობრობა აკავშირებთ მათ. მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონები აქვთ დახარჯული. სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არა პირადი ან პარტიის შემოწირულობებიდან. შესაბამისად, ჩემთვის მარტივი ასახსნელია, რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი, არ არის საინტერესო ჩემთვის, მით უმეტეს, ჩვენი მოსახლეობისთვის არ უნდა იყოს საინტერესო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.