ახალი ამბები

კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, მიატოვიჩი ომბუდსმენის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

23 ნოემბერი, 2021 • 6506
კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, მიატოვიჩი ომბუდსმენის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი საქართველოს სახალხო დამცველის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.

დუნია მიატოვიჩის განცხადებით, მიუღებელია სახალხო დამცველზე საქართველოს პარლამენტის წევრების საჯარო თავდასხმები, რომლებიც უკავშირდება ომბუდსმენის და მისი ოფისის საქმიანობას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და შიმშილობის საქმეზე.

მიატოვიჩის თქმით, ეს საკითხი მნიშვნელვან ადგილს იკავებდა მის დღის წესრიგში გუშინ, 22 ნოემბერს, “ქართული ოცნების” თავმდჯომარე ირაკლი კობახიძესთან და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილთან გამართულ შეხვედრაზე.

“მე ხოტბას ვასხამ სახალხო დამცველს და მის ოფისს მათი ძალისხმევისთვის, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს შესაძლებელ სტანდარტს ყველა ადამიანის მიმართ, ვისზეც საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულებას აღასრულებს. ვენეციის პრინციპების შესაბამისად, წევრი სახელმწიფოები ვალდებულები არიან, დაიცვან ომბუდსმენის ინსტიტუტი ნებისმიერი საფრთხის და ქმედებისგან, რომლებიც მიმართულია ან შეიძლება გამოიწვიოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის ეფექტური მუშაობის შეფერხება. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ, რომ სახალხო დამცველს, მისი ოფისს და ასოცირებულ ექსპერტებს ჰქონდეთ ისეთ პირობებში მუშაობის საშუალება, რომელიც ხელს შეუწყობს მათი მანდატის დამოუკიდებლად, ეფექტურად და უსაფრთხოდ განხორციელებას მინისტრთა კომიტეტის 2021 წლის რეკომენდაციების შესაბამისად”, — ნათქვამია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებაში.

დუნია მიატოვიჩის თქმით, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის (ევროპის საბჭოს ჩათვლთ), მნიშვნელოვანია, საშუალება ჰქონდეთ დაეყრდნონ სახალხო დამცველის კომპეტენციას.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი აცხადებს, რომ ამ და ადამიანის უფლებების სხვა გამოწვევებს განიხილავს საქართველოში მისი ვიზიტისას 2022 წლის თებერვალში.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მმართველი პარტიის წევრებთან ერთად, სტრასტბურგში ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს. იგეგმება ევროპარლამენტარებთან შეხვედრაც.

ირაკლი კობახძემ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უნდობლობა გამოუცხადა და მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაციასთან დაკავშირებით ომბუდსმენის და ექიმების პასუხისმგებლობის დაყენება არ გამორიცხა. სახალხო დამცველის საქმიანობას მხარდაჭერა გამოუცხადეს და მთავრობას ნინო ლომჯარიას მანდატის ფარგლებში შექმნილი ექიმთა ჯგუფის რეკომენდაციის გათვალისწინებისკენ მოუწოდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი