ახალი ამბები

მე-3 კრიტიკული დღე დავასრულეთ და თავს უკეთ გრძნობს — ენდოკრინოლოგი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

22 ნოემბერი, 2021 •
მე-3 კრიტიკული დღე დავასრულეთ და თავს უკეთ გრძნობს — ენდოკრინოლოგი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ეტაპობრივად უმჯობესდება.

“დღეს დავამთავრეთ მესამე კრიტიკული დღე. ექიმები და თვითონ პაციენტი ვართ კმაყოფილები. დღეს კალორაჟი და კვება ოდნავ გაფართოებული იყო. თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად. ჩივილები არ ჰქონდა, მაგრამ ექო, კარდიოგრაფია გავუკეთეთ. ყველა ანალიზი კეთდება ყოველდღე. შიმშილის მარკერები ნორმალურია. ნუტრიენტები მივიდა ნორმის ფარგლების ქვედა ზღვარზე. მაგალითად, ალბუმინი თუ ჰქონდა 28 და ქვედა ზღვარი არის 34, დღეს პირველად დაფიქსირდა 34. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ცილის ნაკლებობა გვქონდა სახეზე. ხვალიდან გადავდივართ უკვე დაკვირვების სტადიაში. მთელი დღე ისევ ვიქნები აქ. ნელ-ნელა გავაფართოებთ კალორაჟს, შევიყვანთ სხვადასხვა პროდუქტს. ეს გაგრძელდება, ალბათ, ორშაბათამდე. მერე, სამი კვირის განმავლობაში გადავალთ სულ სხვა კვებაზე — იმაზე სხვა დროს ვილაპარაკებთ, ჯერ შედეგი უნდა ვნახო, რისი მოლოდინიც მაქვს”, — განაცხადა ელენე გიორგაძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავს უკეთ გრძნობს, თუმცა სისუსტე რჩება, რაც ბუნებრივია.

“50 დღე ადამიანი როცა შიმშილობს, ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ ფეხბურთს ვერ ითამაშებს. ნელ-ნელა ყველაფერი უნდა ალაგდეს. წინასწარ ვერანაირ პროგნოზს ვერ გავაკეთებ. კონკრეტულად კლინიკით და ანალიზებით ვმუშაობ და ყოველდღე მოგაწვდით ინფორმაციას, რა მომეწონება და რა — არა”, — განაცხადა ელენე გიორგაძემ.

მისი თქმით, ხვალ, 23 ნოემბერს, ექიმების კონსილიუმი სრული შემადგენლობით ჩავა გორის ჰოსპიტალში.

მასალების გადაბეჭდვის წესი