“მოქალაქეების” წევრმა ლევან იოსელიანმა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ჰკითხა, რას აკეთებს სამინისტრო დავითგარეჯთან დაკავშირებით. “მინისტრის საათის” ფარგლებში ზალკალიანის პარლამენტში გამოსვლისას დეპუტატები დაინტერესდნენ აზერბაიჯანთან და სომხეთთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხით.
“დავითგარეჯაზე იმის გამო რომ დაიძაბა [ვითარება] სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ესკალაცია ამ მომენტშიც მიმდინარეობს, მათი თხოვნაა, რომ პირველი პრიორიტეტი მათთვის არის ორმხრივი დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხი. რაც შეეხება კომისიის საქმიანობას დავითგარეჯაზე, ერთი წუთი არ შეგვიწყვეტია — ჩემი მოადგილე [ლაშა დარსალია] მუდმივად ხაზზეა ორივე მხარესთან, მიცემულია ახლად აღმოჩენილი გარემოებები მათი მხრიდან. ასევე, პრემიერის ვიზიტებისას აზერბაიჯანში და სომხეთშიც გვქონდა საუბარი დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე და კარგია, რომ მათი მხრიდან არის პოლიტიკური ნება გამოხატული იმაში, რომ როგორც კი იქნება შესაძლებლობა, განახლდეს მუშაობა კომისიის ფარგლებში და მივიდეთ იმ შეთანხმებამდე, რომელიც იქნება გამომდინარე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობიდან”, — განაცხადა დავით ზალკალიანმა.
გენერალურ პროკურატურაში 2020 წლის 17 აგვისტოს დაიწყო გამოძიება აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე. იმავე წლის 7 ოქტომბერს დააკავეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის მაშინდელ უფროსი ივერი მელაშვილს და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა, რომლებიც შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
პროკურატურა ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ედავება, რომ კომისიაში მთელი საქმიანობის პერიოდში გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი და საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს უმალავდნენ ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე, რათა გამოყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. ბრალდების მხარეს ამბობს, რომ 1:200 000-იანი რუკა ბიზნესმენ დავით ხიდეშელის მეშვეობით მოიპოვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის მაისში განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრისას დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის იმ ნაწილის საკითხიც განიხილეს, რომელზეც საზღვრის სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისია მუშაობს. მისი თქმით, დავითგარეჯის გარშემო ორ ქვეყანას შორის დიალოგი გაგრძელდება და “დაჩქარდება”.