ახალი ამბები

სახეზეა ეპილეფსიური სტატუსის ან კომის განვითარების მაღალი ალბათობა — ომბუდსმენი

19 ნოემბერი, 2021 • 2546
სახეზეა ეპილეფსიური სტატუსის ან კომის განვითარების მაღალი ალბათობა — ომბუდსმენი

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო N18 დაწესებულებაში დამატებითი ვიზიტი განახორციელა.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ექიმების ჯგუფის მიერ პროგნოზირებად ერთ-ერთ კლინიკურ დამძიმებას გუშინ უკვე ჰქონდა ადგილი.

“გართულებული მდგომარეობის ადგილზე გაცნობის შემდეგ, ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა პოლიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალში. მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა 17 ნოემბრის დასკვნით პაციენტის მდგომარეობა შეაფასა როგორც კრიტიკული და მძიმე გართულებების პროგნოზი გააკეთა, რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შედეგად, მიხეილ სააკაშვილს განუვითარდა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება – ვერნიკეს ენცეფალოპატიით გამოწვეული გულყრა. ამ პერიოდში თავის ტვინში მიმდინარე კეროვანი პროცესების სრულფასოვანი შეფასებისთვის საჭიროა თავის მრტ/მრა კვლევა, მრ ვენოგრაფის ჩათვლით. რეკომენდებულია ასევე ეეგ კვლევა. ექსპერტთა სხვა დეტალური რეკომენდაციები უშუალოდ მიეწოდა დაწესებულების მთავარ ექიმს”, — ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

მდგომარეობის კრიტიკულობიდან და მოსალოდნელი გართულებების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი და ექსპერტთა ჯგუფი კიდევ ერთხელ მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა შესაბამის ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, რადგანაც სახეზეა უფრო საშიში გართულების – ვერნიკეს ენცეფალოპათიით გამოწვეული ეპილეფსიური სტატუსის ან კომის განვითარების მაღალი ალბათობა, რაც შესაძლოა, ლეტალური შედეგით დასრულდეს.

ეპილეფსიური სტატუსი სიცოხლისათვის საშიში მდგომარეობაა, როდესაც ერთ ეპილეფსიურ განტვირთვას, ხანმოკლე ინტერვალის შემდეგ (ან ინტერვალის გარეშე), მოსდევს მეორე გულყრა, მეორეს- მესამე და ა.შ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. ის ამბობს, რომ შეწყვეტს შიმშილობას სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკული იყო ჯერ კიდევ 17 ნოემბრის ღამის მდგომარეობით. მათ მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს, რასაც მთავრობა ამ დრომდე არ ასრულებს.

მიხეილ სააკაშვილმა 18 ნოემბრის საღამოს გონება დაკარგა და ის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

ხელისუფლებას სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი