ახალი ამბები

მიმაჩნია, რომ გორის ჰოსპიტალში მისი მკურნალობა შესაძლებელია – ხოშტარია სააკაშვილზე

18 ნოემბერი, 2021 • 1550
მიმაჩნია, რომ გორის ჰოსპიტალში მისი მკურნალობა შესაძლებელია – ხოშტარია სააკაშვილზე

ელენე ხოშტარია, რომელიც 2 კვირაზე მეტია შიმშილობს, აცხადებს, რომ სპეციალისტებთან კონსულტაციის საფუძველზე, მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა  გორის ჰოსპიტალში შესაძლებელი იქნება.

„გორის ჰოსპიტალზე მქონდა კონსულტაცია არაერთ სპეციალისტთან და ჩემთვის გორის ჰოსპიტალი არის ის ადგილი, სადაც მისი [სააკაშვილის] მკურნალობა არის აბსოლუტურად შესაძლებელი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა, დღის წესრიგი, თამაში. ეს არის სიცოცხლის გადარჩენა. მე არ ვიცი, ამაზე ფასეული რა უნდა იყოს. ამიტომ გადაიყვანონ ჰოსპიტალში, იქნება ეს გორის თუ ნებისმიერი, სადაც იტყვიან [სპეციალისტები], დავმშვიდდები მეც და მთელი საქართველოც“, – განაცხადა ხოშტარიამ ტვ პირველთან საუბარში.

„ექიმებმა თქვეს, რომ მოხდება უბედურება. რეანიმატოლოგი თუ არ მივიდა იქ, ვერ უმკლავდებიან სიტუაციას. ტიკარაძესაც უთქვამს“, – თქვა ხოშტარიამ.

18 ნოემბერს, ხუთშაბათ საღამოს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათი ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა, გონება დაკარგა და ის საკაცით აიყვანეს რეანიმაციაში.

ნიკა გვარამიას თქმით, ამჟამად ის კონტაქტურია და უკეთაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი