ახალი ამბები

რუსეთში LGBT ურთიერთობების „პროპაგანდის“ საბაბით მუსიკალური ტელეარხი დააჯარიმეს

18 ნოემბერი, 2021 • 1271
რუსეთში LGBT ურთიერთობების „პროპაგანდის“ საბაბით მუსიკალური ტელეარხი დააჯარიმეს

რუსეთში სასამართლომ „არასწულწლოვნებში არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდის“ საბაბით მილიონი რუბლის ჯარიმა დააკისრა ტელეარხ „Муз-ТВ-ს“.

ინფორმაციას BBC-ის რუსული ბიურო ავრცელებს.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზი ტელეკომპანიის ეთერში, ტელეკომპანიის მიერ მოწყობილ დაჯილდოებაზე, რუსი პოპ-ვარსკვლავების — ფილიპ კირკოროვისა და დავიდ მანუკიანის, იგივე „დავას“ — წყვილად წარმოჩენა და ტიკტოკერი დანია მილოხინის კაბაში გამოჩენაა.

სასამართლომ ასევე დააჯარიმა ანდრეი რაზიგრაევი, რომელიც ტელეარხის მთავარი რედაქტორია. მას სასამართლომ 100 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

სასამართლოს თანახმად, რუსული კანონმდებლობით, ამგვარი მასალის გაშვება ნებადართულია მხოლოდ „+18“ ნიშნით და მხოლოდ 23:00 საათის შემდეგ.

ფილიპ კირკოროვი და დავიდ მანუკიანი დაჯილდოებაზე ერთად, კაბრიოლეტის ტიპის ავტომობილით მივიდნენ. მათ შავ-თეთრი კოსტუმები ეცვათ. დანია მილოხინი კი სპეციალური კოსტიუმით წარდგა, რომლის ერთი ნაწილიც კაბა, ხოლო მეორე ნახევარი პიჯაკი და შარვალი იყო.

არასრულწლოვნებში არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდის აკრძალვის კანონი რუსეთში 2013 წელს მიიღეს.

კანონის დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირები შესაძლოა, 4 000-დან 5 000-მდე რუსული რუბლით  დაჯარიმდნენ, ოფიციალური პირები- 40 000-დან 50 000-მდე, ხოლო ორგანიზაციებს შესაძლოა მილიონ რუბლამდე ოდენობის ჯარიმა დაეკისროთ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანახმად, რუსეთში მიღებული ეს კანონი დისკრიმინაციულია, რადგან წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლებასთან.

ფოტო გარეკანზე: ფილიპ კირკოროვი და დავიდ მანუკიანი/SERGEI KARPUKHIN/TASS

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.