საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კატეგორიულად მიუღებელს უწოდებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატივის და ღირსების შემლახველი კადრების გავრცელებას.
“ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება არის დიდი გამოწვევა; დიდი გამოწვევაა სასამართლო სისტემისთვის, პენიტენციური სამსახურისთვის, ხელისუფლებისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის. ყოფილი და მსჯავრდებული პრეზიდენტის დაპატიმრება კანონის წინაშე თანასწორობას და სამართლიანობას ეფუძნება. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტის დაკავებაც კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამომდინარეობს. ეს მას კარგად გააზრებულიც ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ჩამოვიდა, თანაც — უკანონოდ”, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სასჯელის აღსრულების დროს ციხეში მყოფი ექს-რეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატმარი.
“იგი განსაკუთრებული პატიმარია, რამეთუ ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და მოითხოვს უმაღლესი სტანდარტების შესრულებას. ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით მას და თუ როგორ იქნება დაცული მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ვიღებ ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ შესაბამისი უწყებებისგან. დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება მისივე ქცევის მიუხედავად, რამეთუ ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი. ამდენად, იმ კადრების გავრცელება, რომლებიც ამ ღირსების და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია”, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ არ შეიძლება, დღევანდელი ხელისუფლება რამეში დაემსგავსოს წინამორბედს.
“გულგრილობა, დაცინვა, ქილიკი და შეურაცხყოფა მიუღებელია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ, დარწმუნებული ვარ, მთელი საზოგადოებისთვის”, — დასძინა მან.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი ორი ვიდეო 11 ნოემბერს გაავრცელა.
პირველ ვიდეოში ჩანს მიხეილ სააკაშვილის იძულებითი გადაყვანის კადრები. ვიდეოს ხმა არ აქვს და, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.
მეორე ვიდეო ციხეში გადაყვანამდეა გადაღებული. კადრებში ისმის, როგორ ითხოვს სააკაშვილი რუსთავის ციხეში დაბრუნებას და უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში საკუთარი ნებით შესვლაზე.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ მსგავსი ინფორმაციის შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება.
დაირღვა პატიმრის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლება — ომბუდსმენი სააკაშვილის ვიდეოებზე