ახალი ამბები

“სამოქალაქო დაპირისპირებას ვეღარ გავუძლებთ” — პენცენტრის პეტიცია ელჩებს

17 ნოემბერი, 2021 • 1332
“სამოქალაქო დაპირისპირებას ვეღარ გავუძლებთ” — პენცენტრის პეტიცია ელჩებს

საქართველოს პენცენტრის მიერ შექმნილი პეტიცია სთხოვს აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს, ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს და სრულიად დიპლომატიურ კორპუსს, პირადად შეამოწმონ მიხეილ სააკაშვილის, ელენე ხოშტარიას და სხვა მოშიმშილეთა პირობები.

“საქართველო ამჟამად არის უმძიმეს კრიზისში. ეკონომიკურ დაღმასვლასთან ერთად, გვაქვს სრული პოლიტიკური ჩიხი, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის დაპატიმრებული და შიმშილობს, პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია ყოფილი პრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს, პარლამენტის ათი წევრი მოშიმშილეებისადმი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობს, მომღერალი პაატა ბურჭულაძე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს, ათობით აქტივისტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შიმშილობს, საზოგადოება პოლარიზებულია და ნებისმიერ დროს მოსალოდნელია, ვითარება მოულოდნელი და ქვეყნისთვის დამაზიანებელი სცენარით განვითარდეს. მიუხედავად ექიმების, სახელოვნებო წრეების, მეცნიერებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მიმართვისა, მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში არ გადაჰყავთ. მისი პირადი ექიმის, სახალხო დამცველის და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის მტკიცებით კი, ციხის საავადმყოფოში მისი სიცოცხლის გადარჩენის შანსი მცირეა, რადგან ციხის კლინიკას არ აქვს მულტიპროფილური ფუნქციები, რაც აუცილებელია შიმშილის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდის გასავლელად”, — ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციის ავტორები ელჩებს სთხოვენ, პირადად შეამოწმონ მოშიმშილეთა პირობები, რათა თავი დაიზღვიონ სცენარისგან, რომელიც ქვეყანას ემუქრება რომელიმე მათგანის სიცოცხლისთვის ზიანის შექმნის შემთხვევაში.

“ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკური პრეფერენციები გვაქვს, მაგრამ ამ საკითხში ერთიანნი ვართ: სამოქალაქო დაპირისპირებას საქართველო ვეღარ გაუძლებს, ყველაფერი კი სწორედ აქეთკენ მიდის. გთხოვთ, შეიტანოთ თქვენი წვლილი ამ სცენარის არიდებაში”, — ნათქვამია პეტიციაში.

საქართველოში პენცენტრი მოქმედებს 1991 წლიდან. საქართველოს პენცენტრის გენერალური ასამბლეა 70-მდე მწერალს, მთარგმნელს, გამომცემელს და ჟურნალისტს აერთიანებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი