ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ჩვენი შუამავლობით სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეტაკებები შეწყვიტეს” – რუსეთი

17 ნოემბერი, 2021 •
“ჩვენი შუამავლობით სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეტაკებები შეწყვიტეს” – რუსეთი

“აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებთან სატელეფონო მოლაპარაკებების შედეგად ვითარება დასტაბილურდა. შეირაღებული შეტაკებები შეწყვეტილია, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება”, – აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან შეირაღებული დაპირისპირების შემდეგ, რასაც აზერბაიჯანის მიერ ახალი პოზიციების დაკავება და ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა, სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს, ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ტელეფონით ესაუბრა.

მხარეებს შორის უკანასკნელი საბრძოლო მოქმედებების დროს, სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა, 13 ჯარისკაცი აზერბიჯანმა ტყვედ აიყვანა, 10 ჯარისკაცის ადგილსამყოფელი კი ამ დრომდე უცნობია. სომხეთის ცნობითვე, დაპირისპირების შედეგად, სომხეთმა კიდევ ორი პოზიცია დაკარგა.

ბაქოს ცნობით, დაპირპისპირების შედეგად აზერბაიჯანულმა მხარემ შვიდი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, ათი ჯარისკაცი კი დაშავდა.

განახლებულ საომარ მოქმედებებში ორივე მხარემ ერთმანეთი დაადანაშაულა პროვოკაციის მოწყობაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „სომხურმა ძალებმა სახელმწიფო საზღვართან, ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონებთან, დაიწყეს ფართომასშტაბიანი პროვოკაცია, რის შედეგადაც ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაშავდა. ოფიციალური ბაქოს ცნობითვე, მოწინააღმდეგემ ოპერაცია მოულოდნელად დაიწყო და ხელსაყრელი სიმაღლეების დასაკავებლად თავს დაესხა აზერბაიჯანულ პოზიციებს, თუმცა აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა შეძლეს მოწინააღმდეგეების განიარაღება და დაკავება.

მასალების გადაბეჭდვის წესი