ახალი ამბები

“დატოვებთ თანამდებობებს…” – კალაძე გამგებლებს აფრთხილებს

17 ნოემბერი, 2021 • 4273
“დატოვებთ თანამდებობებს…” – კალაძე გამგებლებს აფრთხილებს

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების გამგებლები გააფრთხილა, რომ თუკი მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრობლემა იქნება და მათ ბარიერები შეექმნებათ, ისინი თანამდებობას დატოვებენ. ამის შესახებ მან დღეს, 17 ნოემბერს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გამგებლები აგებენ პასუხს, როდესაც მოსახლეობის შეტყობინებაზე არ იქნება რეაგირება, რადგან  რაიონის მცხოვრებლებთან სწორედ ისინი არიან პასუხისმგებლები.

„არ უნდა მოხდეს ისე, როგორც გარკვეული შემთხვევები გვქონდა, მაგალითად,   როდესაც პარკებში ზიანდებოდა ატრაქციონები, იყო შემოსული შეტყობინება და ამას არ ჰქონდა რეაგირება. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. არა [მხოლოდ] ის კონკრეტული თანამშრომელი აგებს პასუხს და მიიღებს, უბრალოდ, მხოლოდ შენიშვნას და დაჯარიმდება [ვინც შეტყობინება რეაგირების გარეშე დატოვა], გამგებლები აგებთ პასუხს და დატოვებთ თქვენს თანამდებობას. გაითავისეთ ეს ყველამ კარგად. გამგებლები აგებთ პასუხს, როდესაც შეტყობინებაზე არ იქნება რეაგირება. თქვენ ხართ პასუხისმგებლები ჩემთან მიმართებაში, თქვენ ხართ პასუხისმგებლები თბილისელებთან და თქვენი რაიონის მცხოვრებლებთან მიმართებაში.

ის თქვენი თანამშრომელი თუ უპასუხისმგებლოდ იქცევა, თქვენ ხართ ამაზე პასუხისმგებელი და ამიტომ ისე დაალაგეთ და ისე გადაალაგეთ თემა, რომ ამაზე არ მოგვიწიოს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. იცოდეთ, არავის მოვერიდებით. ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი არის ხალხი, მთავარი და მნიშვნელოვანი არის დედაქალაქის მოსახლეობა, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებით, გაათმაგებული ენერგიით, ენთუზიაზმით, მივხედოთ ამ ქალაქს. საზოგადოებამ ჩვენ გვანდო ეს ქალაქი და მათთან ერთად, ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებთან ერთად, ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი დანაპირები და უნდა განვახორციელოთ ის მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტები, რომელიც ასე სჭირდება ამ ქალაქს“, – განაცხადა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი