ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სასაზღვრო შეიარაღებული დაპირისპირება | ბაქო და ერევანი ერთმანეთს ადანაშაულებენ

16 ნოემბერი, 2021 • 1537
სასაზღვრო შეიარაღებული დაპირისპირება | ბაქო და ერევანი ერთმანეთს ადანაშაულებენ

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე, შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა.

ოფიციალური ერევანი და ბაქო მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „სომხურმა ძალებმა სახელმწიფო საზღვართან, ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონებთან, დაიწყეს ფართომასშტაბიანი პროვოკაცია, რის შედეგადაც ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაშავდა.

ოფიციალური ბაქოს ცნობით, მოწინააღმდეგემ ოპერაცია მოულოდნელად დაიწყო და ხელსაყრელი სიმაღლეების დასაკავებლად თავს დაესხა აზერბაიჯანულ პოზიციებს, თუმცა აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა შეძლეს მოწინააღმდეგეების განიარაღება და დაკავება.

ბაქოს ცნობითვე, მათ შეძლეს მოწინააღმდეგის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებისა და ნაღმმტყორცნების განადგურება.

აზერბაიჯანულმა მხარემ მომხდარს „ჩაშლილი პროვოკაცია“ უწოდა და მასში ოფიციალური ერევანი დაადანაშაულა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანულ მხარეს ადანაშაულებს პროვოკაციის მოწყობაში.

სამინისტრომ სომხურ საინფორმაციო საშუალებას, News.am-ს განუცხადა, რომ „აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ მოაწყო პროვოკაცია და თავს დაესხა სომხურ პოზიციებს“.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოწინააღმდეგე იყენებს არტილერიას, ჯავშანტრანსპორტიორებს და სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღს.

„სომხურმა მხარემ მიიღო შესაბამისი ზომები. ინტენსიური შეტაკებების შედეგად, მოწინააღმდეგემ დაკარგა საბრძოლო მანქანები“, – წერია სამინისტროს განცხადებაში.


გუშინ, 15 ნოემბერს სომხეთის თავდაცვის მინისტრი არშაკ კარაპეტიანი პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან დაითხოვა.

ფაშინიანის თქმით, გადაწყვეტილება უკავშირდება უკანასკნელ დღეებში სომხეთის ტერიტორიაზე, სომხეთ-აზერბაიჯანის ერთ-ერთ აღმოსავლეთ საზღვარზე აზერბაიჯანული მხარის “შემოჭრას”.

სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის საზღვარი შეთანხმებული არ არის. აზერბაიჯანის თანახმად, იგი იკავებს მის კუთვნილ ტერიტორიებს, რაც საბჭოთა რუკებით დასტურდება.

ყარაბაღის მეორე ომისა და აზერბაიჯანის მიერ სომხეთთან საზღვარზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, მხარეთა შორის პერიოდულად ხდება შეიარაღებული დაპირისპირება, რაც ზოგჯერ მსხვერპლით სრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი