„ქართული ოცნების“ წევრი გიორგი კახიანი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შიმშილობის გაგრძელება. ამის შესახებ მან დღეს, 15 ნოემბერს, სააკაშვილის შიმშილობის 46-ე დღეს განაცხადა.
კახიანის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში არის სააკაშვილის როგორც უსაფრთხოების, ისე ჯანმრთელობის დაცვისათვის საჭირო პირობები და მისი კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა შესაძლო პროვოკაციებზე აჩენს კითხვებს.
„ის დაწესებულება, სადაც ახლა არის, სრულიად მობილიზებულია იმისათვის, რომ მოხდეს მისი შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია და ამ თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. პენიტენციურ დაწესებულებას შეუძლია შესაბამისი მომსახურება გაუწიოს მას.
ამ ფონზე, როდესაც ჩვენ ვისმენთ მოსაზრებებს, რომ იგი უნდა იყოს გადაყვანილი სხვა კერძო კლინიკაში, ეს აჩენს კითხვებს, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს. სწორედ ამიტომ არის, რომ აჩენენ კითხვებს, თითქოს ეს გადაყვანა ემსახურება სხვა მიზნებს. შესაძლოა, ამას მოჰყვეს გარკვეული პროვოკაციები, იმავდროულად, სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები ამბობენ, რომ სააკაშვილის უსაფრთხოება ნაკლებად იქნება დაცული კერძო კლინიკაში, ვიდრე იქ, სადაც ამჟამად იმყოფება. ამიტომ ამ ფონზე ცოტა გაუგებარია შიმშილობის მაინც გაგრძელება“, — განაცხადა გიორგი კახიანმა.