“ლაიმჰაუსის” სადისკუსიო პლატფორმის ფარგლებში 2021 წლის 20-24 სექტემბერს ქალაქ ბელგრადში გამართულ შეხვედრაზე ქართულ-აფხაზური არაფორმალური დიალოგის მონაწილეთა მიერ შემუშავდა წინადადებების პაკეტი. პლატფორმის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ეს წინადადებები გახდება საზოგადოების განხილვის საგანი კონფლიქტის ორივე მხარეს. ასევე, დიალოგის ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში. წარმოგიდგენთ დიალოგის ერთ-ერთი აფხაზი მონაწილის ხედვას დოკუმენტზე, რომლის შესახებაც მან ნეტგაზეთთან ისაუბრა:
მარიანა კოტოვა, სოხუმი
პოლიტოლოგი ასტამურ ტანია ერთ-ერთი მონაწილეა აფხაზური მხრიდან, რომელიც “ლაიმჰაუსის” [“Limehouse”] სადისკუსიო სივრცის ფარგლებში ქართულ-აფხაზურ არაფორმალურ დიალოგში მონაწილეობს.
ასტამურ ტანია ღიად საუბრობს საკუთარი მონაწილეობის შესახებ აღნიშნულ შეხვედრებში, თუმცა აფხაზეთში საზოგადოება, როგორც წესი, არც ისე გულთბილად ხვდება მსგავსი ტიპის არაფორმალურ კონტაქტებს.
სოციალური ქსელის, ფეისბუკის აფხაზურ სეგმენტში რეაქციებმა არაფორმალური დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით არ დააყოვნა. ფეისბუკის მომხმარებელთა ნაწილი წინააღმდეგია საერთოდ რაიმე ტიპის არაოფიციალური მოლაპარაკებებისა, რასაც თავად დიალოგის მონაწილეები არ ეთანხმებიან.
აუცილებელია ექსპერტული აზრების შეჯერება
როგორც პოლიტოლოგი ასტამურ ტანია მიიჩნევს, დოკუმენტი, რომელიც «Limehouse»-ის მონაწილეებმა შეიმუშავეს, ექსპერტულ დონეზე უნდა იყოს განხილული და, შესაბამისად, მასზე სხვების აზრები უნდა შეჯერდეს, რადგანაც დოკუმენტი, მისი აზრით, პროფესიონალურ დონეზე განხილვისთვის არის გათვლილი.
“არაფორმალური დიალოგი ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს. დასაწყისიდანვე ვმონაწილეობდი მასში. ჯერ კიდევ 1997 წელს, როდესაც პირველად იწყებოდა ასეთი დიალოგი, ვლადისლავ გრიგორიევიჩს [არძინბა] თავად არაერთხელ გავუგზავნივარ ამ შეხვედრებზე, რადგან იქ ჩამოდიოდნენ იმ დროის საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლები”, – ამბობს ტანია ნეტგაზეთთან საუბარში.

ასტამურ ტანია
მისივე თქმით, არსებული მოლაპარაკებათა პროცესი შემზღუდავ ჩარჩოებს ქმნის. ამ ჩარჩოებისა და საჯაროდ გაცხადებული პოზიციების გარეთ კი რთულია ახალი მიდგომების ძიება და, ამავე დროს, სხვა კუთხით შეხედვა საკუთარი პოზიციებისა და ინტერესებისთვის. არაფორმალური ფორმატები კი მხარეებს ზუსტად ასეთ შესაძლებლობებს სთავაზობს.
დიალოგის არაფორმალური პროცესი ოფიციალურ მოლაპარაკებათა პროცესისთვის გარკვეული საცდელი ლაბორატორია შეიძლებოდა გამხდარიყო, ვინაიდან ყოფილა შემთხვევები, როდესაც გარკვეული იდეები არაოფიციალური ფორმატიდან ოფიციალურზე გადაუტანიათ.
რა პლუსებს ხედავს აფხაზეთი არაოფორმალურ დიალოგში
“ჟენევის პროცესი იმ მხარეთა მიერ განცხადებების გაცვლაა, რომლებიც არ არიან აღიარებული კონფლიქტის მხარეებად”, – ამბობს ასტამურ ტანია.
ორმხრივად შემუშავებული დოკუმენტის თანახმად, ერთ-ერთი ნაბიჯია ჟენევის დისკუსიებთან ერთად დიალოგის სხვადასხვა ფორმატის, მათ შორის, ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო ფორმატების მხარდაჭერა, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტით დაზარალებულთა საჭიროებების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული.
დოკუმენტი, რომელიც მხარეებმა ბელგრადში მიიღეს, ძირითადად მოიცავს მხარეებისთვის მისაღები ფორმატის შექმნის საკითხს – მის შესაქმნელად საქართველომ უარი უნდა თქვას კანონმდებლობაზე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
“გასაგებია, რომ მხარეთა პოლიტიკური პოზიციები რადიკალურად განსხვავებულია, შესაბამისად, პოლიტიკური პოზიციები აღნიშნულ დოკუმენტს სცდება. დოკუმენტში გაწერილია პრაქტიკული საკითხები, რომელიც ჩვენი ჰუმანიტარული კონტაქტების შეზღუდვის შეწყვეტას შეეხება, როდესაც აფხაზური შემოქმედებითი გუნდები ან სავაჭრო -სამეწარმეო პალატა სადმე მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება, სადაც მათ მუდმივად ნეგატიური პოლიტიკური ფონი სდევს თან, რომელსაც დიპლომატები ქმიან. ისინი ხელს უშლიან საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, კულტურული კონტაქტების დამყარებას.
მსგავსი არაფორმალური კონტაქტების შედეგად ექვსიოდე წლის წინ მივაღწიეთ აფხაზეთის მონაწილეობა,ს მაგალითად, ისეთ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში, როგორიცაა ჩივნინგი და ა.შ. ”, – ამბობს პოლიტილოგი.
არაფორმალური დიალოგი, როგორც საშუალება, განაცხადო საკუთარი პოზიციების შესახებ სამხრეთ კავკასიაში
როგორც პოლიტოლოგი ასტამურ ტანია მიიჩნევს, სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების გადაჭრა მხოლოდ ისეთ მსხვილ მოთამაშეებს შეუძლიათ, როგორიცაა რუსეთი და დასავლეთი, თუმცა, დასავლეთი მაინც ნაკლებად, მისი გეოგრაფიული სიშორის გამო.
“ამჟამად იცით, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შემდეგ საუბარია კომუნიკაციების რეაბილიტაციაზე. სამხრეთ კავკასია ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის დამაკავშირებელი რგოლია. ამიტომაც ჩვენ უნდა ვიპოვოთ საკუთარი როლი და მონაწილეობა მივიღოთ კავკასიაში ამ კომუნიკაციების ირგვლივ მიმდინარე სტრატეგიული პრობლემების გადაჭრაში. ეს არის რკინიგზა, მაგისტრალები, კავშირგაბმულობის სისტემა.
ჩვენ უნდა მოვახდინოთ სიტუაციის მოდელირება ჩვენი ინტერესების დასაცავად. თუმცა, როგორ უნდა მოხდეს ეს, თუკი ამ ინტერესებზე საჯაროდ არ გაცხადდება. ჩვენ პროცესის სრულუფლებიანი მონაწილეები უნდა გავხდეთ. ამ საკომუნიკაციო პროცესებს შეუძლია დიდწილად ხელი შეუწყოს ამ მიმართულებით რუსეთის, დასავლეთის, თურქეთის და ირანის ინტერესების შეჯერებას. ეს ძალიან რთული გეოპოლიტიკური სურათია რთული მოთამაშეებით. ისინი საკუთარი ინტერესებისთვის პოულობენ საერთო ენას. ისეთმა პატარა ქვეყნებმა, როგორებიც არიან აფხაზეთი და საქართველო, საკუთარი ადგილი უნდა იპოვონ ამ პროცესში იმისთვის, რომ არ დარჩნენ თამაშს გარეთ. აი, ამ საკითხებზე ვმსჯელობდით და გასაგებია, რომ ასეთი დიდი გადაწყვეტილებები არ არის ჩვენს ხელში. თუმცა ის დღის წესრიგი, რომელსაც მივაღწიეთ, შეიძლება რამით დაგვეხმაროს”.
მისი აზრით, გარდაუვალია აქტუალურ დღის წესრიგში შევიდეს კომუნიკაციების განბლოკვის საკითხი, რაც მისი აზრით, დროის ამბავია.
“სასურველია, რომ ეს საკითხები ჩვენ გარეშე არ იყოს გადაწყვეტილი, ამიტომაც საჯაროდ უნდა იყოს მოსმენილი ჩვენი არგუმენტირებული პოზიცია ამ საკითხებზე. შესაძლოა, ჩვენი საზოგადოების შიგნით ამ დოკუმენტმა საფუძველი ჩაუყაროს საერთაშორისო დონეზე ექსპერტულ განხილვას, როგორ შეიძლება ეს ინტერესი დავუახლოვოთ მხარეებმა ერთმანეთს, რათა ჩვენი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით გადაწყდეს საკითხები”.
მისივე თქმით, აფხაზეთში ექსპერტულმა საზოგადოებამ შიშის გარეშე უნდა განიხილოს მწვავე საკითხები, რომელიც შეეხება საგარეო პოლიტიკას – ქართულ-აფხაზურ და რუსულ-აფხაზურ საკითხებს. ყოველივე ეს უნდა განიხილებოდეს პროფესიონალურ ექსპერტულ დონეზე, რადგანაც ეს საკითხები მუდმივად გაყინულ მდგომარეობაში ვერ იარსებებს – აფხაზეთმა უნდა განსაზღვროს, რისკენ მიისწრაფვის.
არაფორმალური დიალოგის ქართველი მონაწილეების ხედვას ნეტგაზეთი მოგვიანებით გაგაცნობთ.
ამავე თემაზე: