ახალი ამბები

მარგველაშვილის პასუხი “რუსებს, რომლებიც სააკაშვილის კადრებზე იცინიან”

12 ნოემბერი, 2021 • 12943
მარგველაშვილის პასუხი “რუსებს, რომლებიც სააკაშვილის კადრებზე იცინიან”

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი Twitter-ში მიმართავს რუსეთის მოქალაქეებს, “რომლებიც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფის კადრებზე იცინიან”.

“დიახ, ეს ქართველებმა გააკეთეს, მაგრამ ამ ქართველებს თქვენ უხდით. ხოლო დანარჩენი საქართველო ერთიანია სიძულვილში იმ “ოპროჩნინას” [“ოპრიჩნინას” უწოდებენ ივანე მრისხანეს პოლიტიკას, რომელმაც სახელმწიფოს დიდი ნაწილი პირად სამფლობელოდ გამოაცხადა] მიმართ, რომელიც უცხოა და მიუღებელი ჩვენი ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ხალხისთვის”, — წერს გიორგი მარგველაშვილი.

11 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ორი ვიდეო გაავრცელა. პირველ ვიდეოში ჩანს მიხეილ სააკაშვილის იძულებითი გადაყვანის კადრები. ვიდეოს ხმა არ აქვს და, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.

მეორე ვიდეო ციხეში გადაყვანამდეა გადაღებული. კადრებში ისმის, როგორ ითხოვს სააკაშვილი რუსთავის ციხეში დაბრუნებას და უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში საკუთარი ნებით შესვლაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ მსგავსი ინფორმაციის შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება.

კადრების გავრცელების გამო იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველმაც გააკრიტიკა.

მიხეილ სააკაშვილის კადრები აქტიურად გავრცელდა რუსულ სამთავრობო მედიაში და სოციალურ ქსელებში, სადაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი