ახალი ამბები

ბოკერია ეხმაურება ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანის კადრებს

11 ნოემბერი, 2021 • 1121
ბოკერია ეხმაურება ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანის კადრებს

“სააკაშვილის მიმართ ამგვარი ამაზრზენი დამოკიდებულება ახარებს ქვეყნის შიგნით ყველაზე შავბნელ ძალებს და ქვეყნის გარეთ ჩვენს მტერს!” — ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია 11 ნოემბერს გავრცელებულ კადრებს, რომლებშიც ასახულია მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის მომენტები.

ბოკერიას სიტყვებით, “მიხეილ სააკაშვილის გლდანში გადაყვანის ამაზრზენი და სამარცხვინო გადაწყვეტილების მიზანი აშკარად იყო პოლიტიკური დამცირება, დაშინება, რევანში ამ კრიმინალური კულტურის, რომელსაც ეყრდნობა ივანიშვილის რეჟიმი”.

“დღევანდელი კადრები კი გაგრძელებაა ამ ყველაფრის, რომელიც ქვეყნის შიგნით შავბნელ ძალებს და ქვეყნის გარეთ ჩვენი ქვეყნის მტერს ახარებს და აქ პრეზიდენტის პერსონაზე კი არაა ლაპარაკი, ლაპარაკია ქვეყნის ინტერესებზე, სამოქალაქო მშვიდობასა და ქვეყნის მომავალზე”, — დასძინა მან.

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც 42-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს, 8 ნოემბერს, თავისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს გლდანის ციხის საავადმყოფოში.

საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 11 ნოემბერს ორი ვიდეო გაავრცელა.

პირველ ვიდეოში ჩანს გლდანის ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის იძულებითი გადაყვანის კადრები. ვიდეოს ხმა არ აქვს და, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.

პირველ ვიდეოში ჩანს მიხეილ სააკაშვილის იძულებითი გადაყვანის კადრები. ვიდეოს ხმა არ აქვს და, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.

მეორე ვიდეო ციხეში გადაყვანამდეა გადაღებული. კადრებში ისმის, როგორ ითხოვს სააკაშვილი რუსთავის ციხეში დაბრუნებას და უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში საკუთარი ნებით შესვლაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ მსგავსი ინფორმაციის შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება.

კადრების გავრცელების გამო იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველმაც გააკრიტიკა.

დაირღვა პატიმრის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლება — ომბუდსმენი სააკაშვილის ვიდეოებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი