ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში მისი გადაყვანის კადრების გამოქვეყნევბით ხელისუფლება სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას ცდილობს. ამის შესახებ სააკაშვილის წერილშია საუბარი, რომელიც მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ დღეს, 11 ნოემბერს, მასთან შეხვედრის შემდეგ გამოიტანა.

ამ დაპირისპირებას კი, მისი თქმით, რუსეთი გამოიყენებს საქართველოს ოკუპაციის მიზეზად.

„დღეს გავრცელებული კადრები, რომელიც კარგად ასახავს, ვინ არის გამარჯვებული და ვინ ბნელეთის მხარეს, უმძიმესად აზიანებს თავად ხელისუფლებას. ამიტომ, თითქოს პარადოქსია, რატომ გამოაქვეყნა ხელისუფლებამ. თუმცა ამ პარადოქსს სრულიად ცხადი ახსნა აქვს, მოხდეს ქართველი პატრიოტების უკიდურესი გაბრაზება, იმდენად, რომ ხელისუფლების მომდევნო პროვოკაციებმა გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირება, რასაც მოჰყვება რუსეთის შემოსვლა და ქვეყნის ოკუპაცია, მათ მიერ საზღვართან მიმდინარე საფრთხეების განეიტრალების საფარქვეშ.

შესაბამისად, მე, როგორც ამ ქვეყნის თავგადაკლული პატრიოტი და დამფუძნებელი თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოსი, არ მაქვს უფლება, არ შევეწინააღმდეგო ამ კატასტროფული სცენარის განვითარებას“, – წერს სააკაშვილი.

სააკაშვილის თქმით, მისი შიმშილობა უკვე ხდება რუსეთის და მოქმედი ხელისუფლების ბრძოლის იარაღი, ოღონდ არა მისი, არამედ საქართველოს საწინააღმდეგოდ და ამიტომ გადაწყვიტა შიმშილობა გარკვეული პირობებით შეწყვიტოს.

„ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება: 1) გავითვალისწინო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ასევე, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდება და შევწყვიტო შიმშილობა, 2) ამ შიმშილობის შეწყვეტას აქვს დათქმა – შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი. ამიტომაც გლდანის საავადმყოფოში არც ტექნოლოგიური პირობებია, არც სათანადო კვალიფიკაციის მედპერსონალი. ამას გარდა, წარმოუდგენელია, ვენდო იმ დაწესებულების თანამშრომლებს, ვინც წამების პირობებში მამყოფებს და მათი ძალადობის ამსახველი კადრებიც დღეს იხილეთ.

ამას გარდა, აქ არ არსებობს უსაფრთხოების და ფსიქოლოგიური ზეწოლისგან დაცვის არანაირი გარანტია, რაც სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნაცაა. ასევე, უდიდეს საფრთხედ მიმაჩნია გორის ჰოსპიტალი, რადგანაც რუსული საოკუპაციო ჯარის და სპეცდანიშნულების დანაყოფები რამდენიმე კილომეტრში იმყოფებიან ამ ჰოსპიტლიდან, იმ რუსეთის, ვინც ჩემი ლიკვიდაციის დამკვეთია.

შესაბამისად, ვითხოვ, ექიმთა კონსილიუმის მიერ მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, თუ რომელ მულტიფუნქციურ და მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში და მკურნალობის რა პირობებით ვიქნები უზრუნველყოფილი პოსტშიმშილობის რეაბილიტაციის პროცესის დროს. კონსილიუმი უნდა იყოს მხოლოდ პროფესიონალებისგან შემდგარი და პარიტეტულ საფუძველზე, ჩემი წარმომადგენლების და სახელმწიფოს მიერ დანიშნული წარმომადგენლობის თანაბარი ექიმების შემადგენლობით. მისი გადაწყვეტილება უნდა იყოს არა სარეკომენდაციო ხასიათის, არამედ სავალდებულო, რასაც მე დავემორჩილები უპირობოდ და ასევე უნდა დაემორჩილოს ხელისუფლებაც“, – ნათქვამია სააკაშვილის წერილში.

დღეს, 11 ნოემბერს, გავრცელდა კადრები, რომელიც ასახავს ძალის გამოყენებით მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას.

მიხეილ სააკაშვილის იძულებით გადაყვანის კადრების გავრცელების შემდეგ პენიტენციურმა კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ციხეში გადაყვანამდეა გადაღებული. ვიდეოში ისმის, როგორ ითხოვს სააკაშვილი რუსთავის ციხეში დაბრუნებას და უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში საკუთარი ნებით შესვლაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ მსგავსი ინფორმაციის შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება.