ახალი ამბები

ლიზა იასკო ამბობს, რომ მას სააკაშვილთან არ უშვებენ

11 ნოემბერი, 2021 •
ლიზა იასკო ამბობს, რომ მას სააკაშვილთან არ უშვებენ

მიხეილ სააკაშვილის პარტნიორი ლიზა იასკო ამბობს, რომ უკვე რამდენიმე დღეა, მიხეილ სააკაშვილთან საკანში არ უშვებენ.

იასკო ამჯერად გლდანის დაწესებულებასთან მივიდა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს გასცა პასუხი.

„უპირველეს ყოვლისა, მე ძალიან შეშფოთებული ვარ. აქ ვარ მესამე დღეა და ველოდები ნებართვას, რომ შევიდე. ყველანაირი ახსნის გარეშე, ამ ნებართვას არ მაძლევენ.

ერთადერთი, ახსნა, რომელსაც უკრაინული ოფიციალური უწყებები საქართველოს მხარისგან იღებენ, არის ის, რომ დოკუმენტის ხელმოწერის [გაწელილი] პროცესი, ან ის, რომ იუსტიციის სამინისტროს ჯერ არ გადაუგზავნია დოკუმენტები. მე აქ ვარ, ციხესთან და მესამე დღეა ველოდები ნებისმიერ ინფორმაციას. ვცდილობ, შევინარჩუნო სიმშვიდე და ამ ნებართვას დაველოდო, მაგრამ რამდენ ხანს გასტანს ეს?!“, — ამბობს იასკო.

მისივე თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ არ უშვებენ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, განსაკუთრებით კი იმის ფონზე, რომ რადას დეპუტატი და მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირია. ამასთანავე, დასძენს, რომ სააკაშვილმა თავად მოითხოვა იასკოსთან შეხვედრა.

იასკო ასევე ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის 42-ე დღეს უკვე კრიტიკულია:

„ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს კოლაფსი და ჩვენ არ ვიცით, რა შედეგს მოიტანს ის“.

„გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ მას აწამებენ, სცემენ. ასევე, ის, რომ მან არ იცოდა, სასამართლო პროცესს არ დაასწრებდნენ. ეს უპრეცედენტოა. მთელი მსოფლიო ამას უყურებს, ყველა ადამიანი საპატიმროში იმსახურებს უფლებების დაცვას, სააკაშვილის ყველა უფლება დარღვეულია. ეს როგორ შეიძლება მომხდარიყო დემოკრატიულ სახელმწიფოში?!“ — აცხადებს ლიზა იასკო.

ნეტგაზეთმა შესაბამისი კითხვით მიმართა პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურს. უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.


სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი ორი ვიდეო 11 ნოემბერს გაავრცელა.პირველ ვიდეოში ჩანს მიხეილ სააკაშვილის იძულებითი გადაყვანის კადრები. ვიდეოს ხმა არ აქვს და, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.მეორე ვიდეო ციხეში გადაყვანამდეა გადაღებული. კადრებში ისმის, როგორ ითხოვს სააკაშვილი რუსთავის ციხეში დაბრუნებას და უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში საკუთარი ნებით შესვლაზე.სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ მსგავსი ინფორმაციის შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება.

https://netgazeti.ge/news/575347/

 

მასალების გადაბეჭდვის წესი