ახალი ამბები

შეწყვიტეთ ჟურნალისტების დისკრიმინაცია – მედიაკოალიცია იუსტიცის სამინისტროს

11 ნოემბერი, 2021 • 1081
შეწყვიტეთ ჟურნალისტების დისკრიმინაცია – მედიაკოალიცია იუსტიცის სამინისტროს

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, „შეწყვიტოს ჟურნალისტთა დისკრიმინაცია“.

კოალიცია წერს, რომ 11 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე არ მიიწვიეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლები.

კოალიციის თანახმად, დასწრება მხოლოდ მედიის ნაწილისთვის იყო შესაძლებელი და ბრიფინგის ანონსი არ მიუღია ზოგიერთ ონლაინ მედიასაშუალებასაც.

„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ იუსტიციის მინისტრის ბრიფინგის შესახებ შეტყობინება ტვ პირველში შევიდა 13:00 საათზე, იმ დროს კი „მთელი სამთავრობო მედია უკვე იუსტიციის სამინისტროში იყო“.

„არადა, მანამდე, 12:42 საათზე, იუსტიციის სამინისტროს პრესმდივანს დავურეკეთ ტელეფონზე, თუმცა არ გვიპასუხა. რამდენიმე წუთში კი მოგვწერა, რომ გვაცნობებდა, როდესაც დაიგეგმებოდა ბრიფიგი. მან მოიტყუა. ბრიფინგი დაგეგმილიც იყო და მედიაც უკვე იქ იყო“, – წერს მელაძე.

„ტვ პირველმა“ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტელევიზიის წარმომადგენლები შეხვედრის დასასრულს დაუშვეს, თუმცა მათ არ მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვეები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გლდანის ციხეში გადაყვანის შესახებ.

„მიგვაჩნია, რომ მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას, შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე“, – წერს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ და დასძენს, რომ ამით „საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს“.

„მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მიეცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა“, – წერს კოალიცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი