“ჩვენ კარგად ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი სიტყვის ნდობა არ შეიძლება. ისინი არიან თავის ბუნებით არეულობისა და დესტრუქციისკენ მიდრეკილი. როგორ შეიძლება მათ სიტყვას ვენდოთ“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, პარტია ამ საავადმყოფოსთან საპროტესტო აქციას არ გამართავს.
ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში გააკეთა.
„წარმოიდგინეთ სამოქალაქო საავადმყოფო, სადაც დაცულობის ხარისხი არის ბევრად უფრო დაბალი, იქნება ეს თბილისში, გორში თუ სხვაგან. ბუნებრივია, ამის საჭიროება თუ არ არსებობს, დაუშვებელია, რომ საავადმყოფოს პერსონალის, ექიმების, პაციენტების, სპეცრაზმისა და ყველას უსაფრთხოებას შეექმნას ჭარბი პრობლემა. ეს არ უნდა იყოს დაშვებული ვიღაცის ახირების გამო“, – განაცხადა კობახიძემ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ საუბრისას.