ახალი ამბები

მოვითხოვთ, გაასაჯაროონ 20 დაკავებულის ადგილსამყოფელი – დეკანოიძე

10 ნოემბერი, 2021 • 1058
მოვითხოვთ, გაასაჯაროონ 20 დაკავებულის ადგილსამყოფელი – დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ამ დრომდე უცნობია იმ 20 ადამიანის ადგილსამყოფელი, რომლებიც დღევანდელ საპროტესტო აქციებზე დააკავეს.

მან შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ყოველგვარი წესების გარეშე, ბელარუსული და რუსული ომონისა და უკრაინული ბერკუტის სტილში დააკავა 46 ადამიანი.

ამ ადამიანებს არაფერი ჩაუდენიათ კანონსაწინააღმდეგო. 46 (დაკავებული) ადამიანიდან ცნობილია 26 ადამიანის ადგილსამყოფელი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე განცხადებით, იმ დაკავებულთა ნაწილი, რომლის ადგილსამყოფელიც ცნობილია, ხაშურსა და მარნეულშია გადაყვანილი.

დეკანოიძემ იმ პირთა გვარები ჩამოთვალა, რომელთა ადგილსამყოფელის შესახებაც, მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცნობები არ აქვთ.

დღეს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები დააკავეს.

“იქ, სადაც აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ასევე შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, ჯამში, 46 პირი დააკავა”, — განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებების შესახებ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი