ახალი ამბები

კონდოლიზა რაისი და გორბაჩოვი საქართველოში ჩამოვლენ

9 თებერვალი, 2010 • 5309
კონდოლიზა რაისი და გორბაჩოვი საქართველოში ჩამოვლენ

შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, ყოფილი თავდაცვის მდივანი უილიამ პერი და ყოფილი საბჭოთა კავშირის  ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი  საქართველოში აგვისტოს ბოლო ჩამოვლენ.

“გლობალური გამოწვევები პოსტ პერესტროიკის ქვეყნებში” – ასე ჰქვია სიმპოზიუმს, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს ყოფილი ლიდერები  ბათუმსა და თბილისსაც ეწვევიან.

ამის შესახებ სან ფრანცისკოში არსებული შემეცნებითი ტურების ოპერატორი  ”მსოფლიო ლიდერების მოგზაურობა”   იტყობინება.

ეს უნიკალური მოგზაურობა 2010 წლის 30 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. მონაწილეები 10 ღამეს  გაატარებენ გემ  “სილვერ უინდიში”.  ტური  მოიცავს სანაპირო ექსკურსიებს რუსეთში, საქართველოში,  აზერბაიჯანში, უკრაინასა და თურქეთში.
სიმპოზიუმი მიეძღვნება შავი ზღვის რეგიონის კულტურულ, ისტორიულ და პოლიტიკურ საკითხებს და დაიწყება მოსკოვში. მოგზაურები მოინახულებენ მოსკოვის ნაკლებად ცნობილ ადგილებს და დაესწრებიან გალა სადილს მიხეილ გორბაჩოვთან ერთად.

შემდეგ სტამბულში, თურქეთში გადაფრინდებიან საკრუიზო ხომალდ  “სილვერ უინდში” ჩასასხდომად. სწორედ ამ ხომალდზე გაიმართება რაისისა და სხვა ლიდერების  პრეზენტაციები, დახურული დისკუსიები და ლექციები. ხომალდი  შავი ზღვის სანაპიროებს შემოუვლის და ესტუმრება ბათუმს, სოჭს,  ბაქოს,  უკაინაში კი იალტას, სევასტოპოლსა და ოდესას.

ეს უპრეცედენტო შემეცნებითი პროგრამა მოიცავს დახურულ დისკუსიებს მსოფლიო მნიშვნელობის ლიდერებთან და სპონსორი ორგანიზაციების მეცნიერებთან. სპიკერებს შორის იქნებიან აშშ–ს კონგრესის ბიბლიოთეკარი ჯეიმს ბილინგტონი; ინტერნეტის მამად ცნობილი ვინტონ ჯ. სერფი გუგლიდან;  ყოფილი ჟურნალისტი, პროფესორი მარვინ კარბი ჰარვარდიდან; ისტუესტ ინსტიტუტის პრეზიდენტი ჯონ მროცი და ასტროფიზიკოსი მაიკლ შარა.

საგანმანათლებლო კრუიზის მონაწილეები რუსეთში ღირსშესანიშნაობების დათვალიერების გარდა თანამედროვე რუსეთის როლზეც იმსჯელებენ. მასში კონდოლიზა რაისისთან ერთად რეგიონის ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას.

თურქეთში დაგეგმილია შეხვედრები პოლიტიკურ ლიდერებთან და საუბარი თურქეთის როლზე მსოფლიო განვითარებაში; ვიზიტები მეჩეთებსა და ბაზარში და ევროპა–აზიის გასაყართან სტამბულის სასახლეში.

ოდესაში, პოტიომკინის ნაბიჯების კვალდაკვალ, დისკუსია უკრაინის გაზსადენის პოლიტიკას მიეძღვნება. პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია შეხვედრები უკრაინის ოფიციალურ პირებთან.

იალტაში ტურის მონაწილეები ჩერჩილის, რუზველტის, სტალინის და ლივადიას სასახლეებს ბაქოში კი – შირვანშაჰის სასახლეს დაათვალიერებენ. ბაქოში შედგება საუბარი ოფიციალურ პირებთან აზერბაიჯანის როლზე ენერგოუსაფრთხოებაში.
“საქართველოს მომხიბვლელი ნეოკლასიკური და ახალი არქიტექტურა მის დინამიურ დედაქალაქ თბილისში და   საქართველოს საშინაო და საგარეო გამოწვევების შესწავლა” – ასეა აღნიშნული საქართველო პროგრამაში.

ამჟამინდელი პროგრამის მიხედვით, საქართველოში ოფიციალურ პირებთან შეხვედრები დაგეგმილი არ არის. საკრუიზო ხომალდი ბათუმის პორტში 8 სექტემბერს შემოვა. თბილისში ვიზიტის შემდეგ შემეცნებითი მოგზაურობის მონაწილეების ისევ ბათუმში დაბრუნდებიან.


მსოფლიოს ლიდერებთან ერთად მოგზაურობის მსურველებისათვის კრუიზის ფასი 23 ათასი დოლარიდან იწყება (აშშ–დან მოსკოვამდე ფრენის ღირებულების გარეშე) და 40 ათას დოლარს აღწევს გემზე ოთახების ტიპის მიხედვით.

სიმპოზიუმის სპონსორებს შორის არიან ბუნების ისტორიის ექსპედიციების ამერიკული მუზეუმი, შეტექუეს ინსტიტუტი, საგარეო საქმეთა ჟურნალი, ჰარვარდის, პრინსტონის, სმიტის კოლეჯის, იელის კურსდამთავრებულთა ასოციაციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი