ახალი ამბები

ენმ მორიგ აქციას 11 ნოემბერს, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან გამართავს

10 ნოემბერი, 2021 • 1218
ენმ მორიგ აქციას 11 ნოემბერს, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან გამართავს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მორიგ აქციას 11 ნოემბერს ვაჟა-ფშაველას ძეგლთან გამართავს. აღნიშნულის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა და თქვა, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ “ეს რეჟიმი არ გატყდება”.

“დღეს ჩვენ მორიგ ჯერზე ვიხილეთ რეჟიმი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ძალადობის იმედზეა… და რატომ? იმიტომ, რომ სიმართლე აღარ არის მათ მხარეს უკვე დიდი ხანია…

შესაბამისად, ისინი იძულებულნი არიან, ყოველდღიურად მეტი და მეტი ძალა გამოიჩინონ უკიდურესად მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ”, — თქვა მან 10 ნოემბერს, თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებზე ათეულობით დემონსტრანტის დაკავების კომენტირებისას.

მელიას თქმით, “რეჟიმი განწირულია მარცხისთვის”, საპროტესტო აქციები კი არ შეწყდება.

” [დაკავებები] იმას არ ნიშნავს, რომ საპროტესტო მოძრაობა შენელდება: პირიქით, ყოველდღე გაიზრდება და ჩვენ გავტეხავთ დისციპლინირებული აქციებით ამ რეჟიმს.

ხვალ, 14:00 საათზე, მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველასთან, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან გაიმართება აქცია და ველოდებით ყველას, ვისაც უკვე მყარად მიაჩნია, რომ ხელისუფლება აკოპირებს რუსეთსა და ბელარუსს.

ასეთი აქციები გაიმართება ყოველდღე. დიახაც, არც მეტი და არც ნაკლები, ყოველდღე, მანამ, სანამ ეს რეჟიმი არ გატყდება. ამ რეჟიმს კი სიმშვიდით, სიმტკიცითა და მრავალრიცხოვნებით აუცილებლად გავტეხავთ”, — დასძინა მან.

ვაჟა-ფშაველას ძეგლთან ახლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაა.

ენმ-მ 10 ნოემბერს თბილისში, 3 ადგილას გამართა ანტისახელისუფლებო, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი დემონსტრაციები: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან.

შსს-ს განცხადებით, ჯამში, აქციებზე 46 პირი დააკავეს. უწყება ამბობს, რომ ეს იქ მოხდა, სადაც “აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ასევე შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი