ახალი ამბები

უგულავამ ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც ბავშვების მიმართ მუქარის გამო გააკრიტიკეს

10 ნოემბერი, 2021 • 2519
უგულავამ ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც ბავშვების მიმართ მუქარის გამო გააკრიტიკეს

თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ კრიტიკის შემდეგ ბოდიში მოიხადა გლდანის ციხის თანამშრომლის შვილთან დაკავშირებით მუქარის შემცველი განცხადების გამო.

რა მოხდა?

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 8 ნოემბერს თქვა, რომ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით წაიყვანეს, ადგილზე მისულს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

“ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს, ხელმძღვანელმა მუშაკმა, გამომიცხადა: „აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში“ და გინებაც მოაყოლა. მე მოვითხოვე მისი სახელი და გვარი, თუმცა უარი მითხრეს თქმაზე”, — აცხადებს სააკაშვილი.

ოპოზიციის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულების თანამშრომელი, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი საუბრობს, გოგა ორდენიძეა. გიგი უგულავამ ორდენიძეს და სხვებს იდენტიფიცირების მუქარით 10 ნოემბერს აქციიდან მიმართა.

“ციფრული საუკუნე ნიშნავს ერთ რაღაცას — თქვენი ყველას სახელები და გვარები იქნება ონლაინ გამოქვეყნებული. “მოხვედი ჩიტოს” რომ იძახის, იმ ვიღაც ორდენიძის (მე ძალიან არ მიყვარს, საქმეში გავრიო ოჯახი და ბავშვები, მაგრამ), ამ ნაგვის, ვინც ხელი აღმართა პრეზიდენტზე, შვილის მეგობრებმა და კლასელებმა უნდა იცოდნენ, რომ მამა ჰყავთ ჯალათი. ყველამ ბოძზე უნდა გამოვაკრათ ასეთი ჯალათები.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი ადამიანების ფეხქვეშ მიწა დაიწვება იმიტომ, რომ ის, რასაც თქვენ აკეთებთ და ამზადებთ, დაანგრევს ამ ქვეყანას, გააუბედურებს უამრავ ადამიანს, ცრემლებს დააღვრევინებს უფრო მეტად, ვიდრე მდინარეებია ამ ქვეყანაში და თქვენ ტყუილად გგონიათ, რომ გაიხარებთ ამ უბედურების ჟამს. თქვენი შვილებიც შეგაფურთხებენ სახეში, თუ ამ ქვეყანაში უბედურება დატრიალდა”, — განაცხადა გიგი უგულავამ.

უფლებადამცველების კრიტიკა

გიგი უგულავას გამოსვლა გააკრიტიკეს ბავშვთა უფლებების დამცველებმა.

“გიგი უგულავამ მიტინგზე გამოაცხადა, ციხის თანამშრომლის შვილის კლასელებმა უნდა იცოდნენ ამ კაცზეო. შემდეგ ჟურნალისტები წერენ ამ ბავშვს სახლში. დაბეჯითებით გთხოვთ ყველას, არ ჩართოთ ბავშვები ამ არეულობაში, არავის შვილი არ არის შუაში და არც კავშირში ამ ყველფერთან. ბავშვების ჩართვა არეულობაში, ბავშვების ქცევა ძალადობის სამიზნედ, ბავშვების იძულებით იდენტიფიცირება არის კანონის დარღვევა და არაფერი გამაჩერებს, რომ ვიმოქმედო მათ დასაცავად”, — წერს არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) იურისტი ანა არგანაშვილი.

PHR-მა დახმარება აღუთქვა ბავშვებს, თუ მათ უგულავას მიმართვის გამო ადვოკატი დასჭირდებოდათ.

ანა აბაშიძემ, რომელიც „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატია, ოპოზიციას მოუწოდა, გიგი უგულავა ტრიბუნას მოაშორონ.

“გიგი უგულავა ემოციებს ვერ აკონტროლებს ხშირად. დღეს აქციაზე დიდი სისულელე გააკეთა. ვინმე ორდენიძის (რომელმაც მიშას, სავარაუდოდ, შეურაცხყოფა მიაყენა) შვილზე ამბობს, შენც და შენმა კლასელებმაც უნდა იცოდეთ, მამა გყავს ჯალათიო. ღმერთო, ვინმე აზრიანი არა ხართ მაგის გვერდით? რას აკეთებთ, გესმით? გააჩუმეთ ეგ კაცი. მოაშორეთ ტრიბუნას! ვერ მართავს აზრებს, როცა ემოციებშია”, — დაწერა მან Facebook-ზე.

9 ნოემბერს, აქციის მიმდინარეობისას გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა სახალხო დამცველიც და განაცხადა, რომ დაუშვებელია პოლიტიკური ოპონირების იარაღად ბავშვების, მათი პირადი ცხოვრებისა და ოჯახური სტატუსის გამოყენება.

“ამგვარი ქმედება არა მხოლოდ არღვევს კონკრეტული ბავშვის უფლებას, არამედ საფრთხის ქვეშ აყენებს ზოგადად ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვას ქვეყანაში. დაძაბული პოლიტიკური ფონის მიუხედავად, ბავშვები დაცული უნდა იყვნენ ნებისმიერი ფორმის ფსიქო-ემოციური ძალადობისგან და ამის გათვალისწინების ვალდებულება, უპირველესად, სწორედ საჯარო პირებს აკისრიათ”, — აცხადებს ომბუდსმენი და საჯარო პირებს და პოლიტიკოსებს მოუწოდებს, პოლიტიკური დებატებისას თუ სხვა ნებისმიერ პროცესში იხელმძღვანელონ ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის სტანდარტით და არ მოახდინონ ბავშვის მიმართ ძალადობის, ბულინგის თუ სხვაგვარი ქმედების წახალისება.

უგულავას ბოდიში

გიგი უგულავამ განაცხადა, რომ იღებს კრიტიკას და ბოდიში მოიხადა მის მიერ აქციაზე გაკეთებული განცხადების გამო.

“მიტინგზე ნათქვამმა ჩემმა სიტყვებმა გულისწყრომა გამოიწვია, მათ შორის, ჩემთვის საპატივცემულო ხალხის. კრიტიკას ვიღებ და ბოდიშს ვიხდი. დეტალებში არ შევალ. სჯობს ეს საკითხი არ განვიხილოთ და მოჭრილად ვთქვათ, რომ ბავშვებს გავეშვათ. პირიქით, ყველა ბავშვი უნდა დავიცვათ ღვარძლისა და სიძულვილისგან, რომელიც დღეს ქვეყანაში ტრიალებს და თანამედროვე ინფორმაციული სამყაროს თავისებურებების გამო, მათი ცხოვრების ნაწილი ხდება”, — დაწერა უგულავამ სოციალურ ქსელში.

მასალების გადაბეჭდვის წესი