ახალი ამბები

სააკაშვილის ადვოკატი: მთელი ციხე გვიწყობდა საშინელ ობსტრუქციას

9 ნოემბერი, 2021 • 1054
სააკაშვილის ადვოკატი: მთელი ციხე გვიწყობდა საშინელ ობსტრუქციას

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მისულ ადვოკატებს გლდანის ციხეში მყოფმა პატიმრებმა ობსტრუქცია მოუწყვეს.

ბასილაიას თქმით, აღნიშნული მიზნად ისახავს სააკაშვილის მორალურ ტერორში ყოფნას. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტის ფიზიკური უსაფრთხოება დგას კითხვის ნიშნის ქვეშ:

„მიხეილ სააკაშვილის არ იღებს მედიკამენტებს, ის მხოლოდ იღებს აბებს, რომელიც ჰოლანდიელმა ექიმმა დაუნიშნა ერთი წლის წინ. მდგომარეობა, როცა ის გონებას დაკარგავს, ახლოვდება და ძალიან მალე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის მოგვიწევს ბრძოლა. ხაზი უნდა გაესვა, რომ იქ ჯოჯოხეთური მდგომარეობაა, არანაირი უფლება გარანტირებული არაა. მიხეილ სააკაშვილი აქ გადმოყვანილია იმისთვის, რომ მოხდეს მისი ლიკვიდაცია.

აქ ჩვენ ვხედავთ ვითარებას, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური უსაფრთხოებაც დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. როდესაც ჩვენ შევედით, მთელი ციხე, ყველა კორპუსი ორგანიზებულად, და გამოსვლისას განსაკუთრებით, ადვოკატებსაც კი გვიწყობდნენ საშინელ ობსტრუქციას. მათი არავის ეშინია, მაგრამ ესაა მორალური ტერორი მიმართული მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგ და მე არ გამოვრიცხავ, ისინი უკვე ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ. მათი სურვილი არის კრიმინალის ხელით მიხეილ სააკაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება“, — ამბობს ბექა ბასილაია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 39-ე დღეა ციხეში შიმშილობს.

მთავრობა უარს აცხადებდა სამოქალაქო საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანაზე და აცხადებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილს სწორედ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში (ციხის საავადმყოფოში) გადაიყვანდა.

თუმცა, სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამებოდა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს. რუსთავის მე-12 ციხიდან გლდანის კლინიკაში გადაყვანას ეწინააღმდეგებოდა თავად სააკაშვილიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი