ახალი ამბები

ბასილაიას ინფორმაციით, სააკაშვილის პროცესი სასამართლო დარბაზში გაიმართება

9 ნოემბერი, 2021 • 1581
ბასილაიას ინფორმაციით, სააკაშვილის პროცესი სასამართლო დარბაზში გაიმართება

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მას დაუკავშირდა საქალაქო სასამართლოს სხდომის შემადგენლობის წევრი, რომელმაც უთხრა, რომ მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის პროცესის სასამართლო დარბაზში ჩატარებას.

„დამიკავშირდა საქალაქო სასამართლოს სხდომის შემადგენლობის წარმომადგენელი და მითხრა, რომ ხვალინდელ პროცესზე გააკეთებენ მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანაზე.

სასამართლომ დააფიქსირა, რომ სასამართლო პროცესი უნდა შედგეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. სასამართლომ დააფიქსირა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვენ სასამართლო დარბაზში.

იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ვალდებულნი არიან, სასამართლოს ეს მოთხოვნა შეასრულონ. თუ მიხეილ სააკაშვილის პროცესი არ ჩატარდა სასამართლო დარბაზში, ეს იქნება კიდევ ერთი მაჩვენებელი იმისა,  რომ ხელისუფლება არის შეშინებული და ცდილობს მხოლოდ კრიმინალის ხელით, თავადაც კრიმინალური ქმედებებით ჩაახშოს ის დიდი პროტესტი, რომელიც ქართველ ხალხშია.

არანაირი სამართლებრივი საფუძველი ხვალინდელი პროცესის სასამართლო დარბაზში არგამართვასთან დაკავშირებით არ არსებობს.

მით უმეტეს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და შეიძლება ეს იყოს ბოლო შანსი იმისა, რომ ის წარდგეს სასამართლოს წინაშე“, — განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში) 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

ცოტა ხნით ადრე მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ კონსილიუმმა სააკაშვილის დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა.

„ავადმყოფი გადაუდებლად იქნეს გადაყვანილი მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, მაღალპროფილურ სამოქალაქო დაწესებულებაში“, – განაცხადა ყიფშიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მე-40 დღეა ციხეში შიმშილობს. ის ამბობს, რომ შიმშილს სიკვდილამდე აპირებს.

მთავრობა უარს აცხადებდა სამოქალაქო საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანაზე და აცხადებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილს სწორედ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში (ციხის საავადმყოფოში) გადაიყვანდა.

ასევე, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ უსაფრთხოებიდან გამოდმინარე, ისინი 10 ნოემბერს დაგეგმილი პროცესის გამართვას ციხის საკანში მოითხოვენ, რადგან არსებობს უსაფრთხოების რისკები.

ნეტგაზეთი დამატებით ინფორმაციას ელოდება თბილისის საქალაქო სასამართლოდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი