თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების აქცია იწყება. აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა იყო, თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა დღეს, 8 ნოემბერს განაცხადა, რომ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
6 ნოემბერს რუსთავის #12-ე პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართულ აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებას სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისთვის 24- საათიან ვადას აძლევდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დღეს, 20:00 საათზე აქცია დააანონსა.
დღეს, 8 ნოემბერს კი, ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში) გადაიყვანეს:
“ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით”, – განმარტა პენიტენციურმა სამსახურმა.
ცოტა ხნით ადრე მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ კონსილიუმმა სააკაშვილის დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 39-ე დღეა ციხეში შიმშილობს. ის ამბობს, რომ აპირებს, სიკვდილამდე იშიმშილოს.
მთავრობა უარს აცხადებს სამოქალაქო საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანაზე და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილს მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში (ციხის საავადმყოფოში) გადაიყვანენ.
თუმცა, სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს. გლდანის კლინიკაში გადაყვანას ეწინააღმდეგებოდა თაავად სააკაშვილიც.