ახალი ამბები

ვოლსკის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, განიხილება სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა

8 ნოემბერი, 2021 • 1673
ვოლსკის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, განიხილება სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გიორგი ვოლსკის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, განიხილება მისი გადაყვანა პენიტენციური დაწესებულების კონტრაქტორ კლინიკაში.

“პატიმარი არ საჭიროებს კლინიკაში გადაყვანას. ყველა პირობა აქვს იმისთვის, რათა პენიტენციური დაწესებულების ჯანდაცვამ მის პრობლემას, თუკი ასეთი წარმოიშობა, მიხედოს, და თუკი ვერც ის დააკმაყოფილებს, რასაკვირველია, იმ შემთხვევაში იქნება განხილული სხვა კლინიკაში, კონტრაქტორ კლინიკაში გადაყვანა.

თუ კონტრაქტორი კლინიკაც ვერ დააკმაყოფილებს, იქნება დამატებით განხილული ვითარება, მაგრამ 10 ოქტომბრიდან საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ერთი თვეა, ყოველდღიურად ამბობენ, რომ მდგომარეობა არის უკიდურესი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება”, — განაცხადა გიორგი ვოლსკიმ და დასძინა, რომ სახელმწიფოს ინტერესებში არ არის რომელიმე პატიმრის ჯანმრთელობის შერყევა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 39 დღეა შიმშილობს. 6 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია ექს-რეზიდენტის კვების შესახებ, მიხეილ სააკაშვილმა დაამძიმა შიმშილობის ფორმა და უარი თქვა ვიტამინებისა და მინერალების შემცველი დანამატების მიღებაზე, მათ შორის, გლუკოზის აბებზე.

სახალხო დამცველის ცნობით, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტისა და დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 30 ოქტომბრიდან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით იღებდა მცირე ოდენობით წვენებსა და მინერალების შემცველობის პიურეებს. ომბუდსმენის ცნობით, ამ პროდუქტს თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები, და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

მიხეილ სააკაშვილის ექიმი და მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. კერძოდ, დასახელდა მრავალპროფილური კლინიკა “ვივამედი”, რომელთანაც პენიტენციურ დაწესებულებას გაფორმებული აქვს თანამშრომლობაზე კონტრაქტი და გადაჰყავს პაციენტები, რომელთაც მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობა ესაჭიროებათ.

ამ მოთხოვნით შიმშილობენ “დროას” წევრები: ელენე ხოშტარია და ელისო ჯანაშია, ასევე, “მთავარი არხის” ჟურნალისტი გიგლა თუმანიშვილი.

იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილის გადაყვანა მოხდება გლდანის ციხის საავადმყოფოში, სადაც, სახალხო დამცველის შეფასებით, არ არის ექიმთა კონსილიუმის მიერ რეკომენდებული პირობები. ხელისუფლება ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობდა უსაფრთხოების საბაბით. გიორგი ვოლსკი პირველია, ვინც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მზაობა დააფიქსირა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი