ახალი ამბები

ციხეში მკურნალობა უნდა იყოს იმ დონის, რაც ზოგადად მოსახლეობისათვისაა – ინსპექტორი სააკაშვილზე

5 ნოემბერი, 2021 • 1064
ციხეში მკურნალობა უნდა იყოს იმ დონის, რაც ზოგადად მოსახლეობისათვისაა – ინსპექტორი სააკაშვილზე

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებეს და განმარტავს, რომ საპატიმრო დაწესებულებებში გაწეული სამედიცინო მკურნალობა უნდა იყოს იმ დონის შესაბამისი, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს ზოგადად მოსახლეობისათვის.

უწყების განცხადებით, ერთი მხრივ, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ვალდებულია პატივი სცეს მოშიმშილე პატიმრის სურვილს – უარი თქვას საკვების მიღებაზე, თუმცა მასვე ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, ეფექტური და დროული მოქმედების გზით დაიცვას თავისუფლებააღკვეთილი პირის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავისუფლებააღკვეთილი პირის შიმშილობის დროს შესაბამისი ორგანოების ან/და პირთა მხრიდან მიღებულმა არასათანადო ზომებმა შესაძლებელია წარმოშვას ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკი.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირი დროულად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარებით, ყველა გონივრულად შესაძლო სამედიცინო გამოკვლევითა და მკურნალობით.

საპატიმრო დაწესებულებებში გაწეული სამედიცინო მკურნალობა უნდა იყოს იმ დონის შესაბამისი, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს ზოგადად მოსახლეობისათვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავისუფლებააღკვეთილი ყველა პირი უნდა მოთავსდეს ციხის დაწესებულებების გარეთ არსებულ საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებაში. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, პატიმრის ჯეროვანი მკურნალობისათვის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე გაუმართლებელმა უარმა, შესაძლოა, წარმოშვას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საფრთხეები“, – აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორი.

სახელმწიფო ინსპექტორის განმარტებით, თავისუფლებააღკვეთილი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფაქტი, ცალკე აღებული, ცხადია, არ არის საკმარისი საპატიმრო დაწესებულებაში გაწეული მკურნალობის არაეფექტიანად შესაფასებლად, თუმცა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრმა გაუარესებამ, შესაძლოა, გააჩინოს ეჭვი დაწესებულებაში გაწეული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობასთან დაკავშირებით.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია დაცული იყოს მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მისი პერსონალური, განსაკუთრებით კი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები.

„ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემი, მისი სენსიტიური ხასიათის გამო, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს მიეკუთვნება. ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა, ასეთი ინფორმაციის დაცვის მიზნით, აწესებს მკაცრი კონფიდენციალურობის პრინციპს. პირს უნდა ჰქონდეს განცდა და ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მან თავი შეიკავოს სამედიცინო მომსახურების მიღებისაგან, სამედიცინო პერსონალისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისაგან, რომლითაც საფრთხე ექმნება მისთვის სწორი დიაგნოზის დასმას და ადეკვატური მკურნალობის გაწევას.

სწორედ ამიტომ, დაწესებულება/პირი, რომელიც ფლობს ინფორმაციას პირის ჯანმრთელობის შესახებ, ვალდებულია დაიცვას მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა და მონაცემები გაამჟღავნოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამასთან, შესაბამისმა დაწესებულებამ/პირმა უნდა მიიღოს ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო გამჟღავნებისგან და ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისგან“, – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაში.

სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი, როცა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, აუცილებელია დაცული იყოს ბალანსი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებასა და პირის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას შორის.

ინსპექტორის განმარტებით, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება შესაძლოა გამართლებული იყოს საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თუმცა, როგორც წესი, ვერ იქნება გამართლებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალების გასაჯაროება.

„კანონმდებლობის თანახმად, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალების გასაჯაროება და მესამე პირთათვის გამჟღავნება დასაშვებია თავად ამ პირის (მონაცემთა სუბიექტის) თანხმობით. ამ შემთხვევაშიც, ინფორმაციის გასაჯაროება უნდა მოხდეს მინიმალური მოცულობით, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზნით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველას, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის მიმართ თითოეული გადაწყვეტილების მიღებას და ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში შეაფასონ ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკები“, – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 36-ე დღეა შიმშილობს. მთავრობა მის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს. სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება და მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი