ახალი ამბები

„გირჩი“ კანონპროექტით კანაფის და მარიხუანის შეძენა-შენახვის დეკრიმინალიზაციას ითხოვს

5 ნოემბერი, 2021 • 1312
„გირჩი“ კანონპროექტით კანაფის და მარიხუანის შეძენა-შენახვის დეკრიმინალიზაციას ითხოვს

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია პარლამენტში არეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც კანაფის და მარიხუანის მოხმარებასა და შეძენა-შენახვაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მოხსნას ითვალისწინებს.

ხვიჩიას თქმით, კანაფსა და მის პროდუქტებთან ურთიერთობა ადმინისტრაციული სამართლის მიხედვით უნდა დარეგულირდეს.

„2018 წლიდან საქართველოში კანაფის და მისი პროდუქტების მოხმარება ლეგალურია. ამის მიუხედავად, ქვეყანაში ადამიანების დევნა მაინც გრძელდება. იუსტიციის სამინისტროსგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ 311 ადამიანი პრობაციონერია, ხოლო 84 ადამიანი სასჯელს იხდის კანაფის და მისი პროდუქტების მოხმარება, შეძენა-შენახვაზე. ასეთი მონაცემები გვაქვს იმ პროდუქტზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ლეგალურად გამოაცხადა.

ჩვენ ახლა შემოგვაქვს კანონპროექტი, რომლითაც სისხლის სამართლის სფეროდან საერთოდ ამოდის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებული ურთიერთობები და ეს იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. ამ კანონპროექტით ეს ქმედება ისევ რჩება ადმინისტრაციული სამართლის რეგულირების ქვეშ. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კანაფის გამო ციხეში არც ახლა და არც მომავალში არავინ არ იჯდება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალური 2018 წელს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გახდა. საუბარია მარიხუანის მხოლოდ მოხმარებაზე და არა – კულტივაცია- გაყიდვაზე.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის. მაგალითისთვის, სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.

საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეთა კოლეგიამ ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც მარიხუანის მოხმარებასთან დკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი