ახალი ამბები

კახა კუჭავა მოშიმშილე ელენე ხოშტარიას შეხვდა

5 ნოემბერი, 2021 • 2206
კახა კუჭავა მოშიმშილე ელენე ხოშტარიას შეხვდა

ელენე ხოშტარიას, რომელიც მესამე დღეა პარლამენტში შიმშილობს, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კუჭავამ განაცხადა, ხოშტარიასთან შეხვედრის მიზეზი მისი მდგომარეობის გაგება იყო.

„უბრალოდ მოვინახულე, მაინტერესებდა, ჰქონდა თუ არა ყველანაირი პირობა. მინდა ყველამ იცოდეს, რომ პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში ექიმი მუშაობს და თუ საჭირო იქნება, ყოველთვის გამოყენებული იქნება მისი მომსახურებაც. უბრალოდ, მაინტერესებდა, თუ რამე პირობები აკლდა. ის ყველაფრით არის კმაყოფილი და ხაზზე ვიქნები, თუ საჭირო იქნება.

არ გვისაუბრია ჩვენ ელენეს ჯანმრთელობის გარდა არაფერზე, ყველა ადამიანს აქვს შიმშილობის უფლება, ეს მათი უფლებაა. ჩემთვის მთავარია, რატომაც მოვედი, რომ რამე ხომ არ აკლია და ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია და მაქსიმალურად ჰქონდეს ყველანაირი პირობა აქ. კარგია, რომ აქვს შესაბამისი პირობები“, – განაცხადა კუჭავამ.

ელენე ხოშტარიას თქმით კი, კუჭავას თავისი მოთხოვნები გააცნო, თუმცა მის გადაჭრაზე საუბარი არ ჰქონიათ და არც პასუხები მოუსმენია.

„გავაცანი მოთხოვნები, თუმცა მისი მოსვლის მთავარი მიზანი იყო, უბრალოდ, ადამიანურად მოკითხვა და შევთანხმდით, რომ არანაირი ხელოვნური ბარიერი არ იქნება. ალბათ, ეს მაინც კარგი მაგალითია იმისა, რომ ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი, განსხვავებით სხვებისგან, ადამიანური სახის შენარჩუნება არის შესაძლებელი“, – განაცხადა ხოშტარიამ.

პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. როგორც ხოშტარია ამბობს, შიმშილობის განმავლობაში მხოლოდ წყალს მიიღებს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 36-ე დღეა შიმშილობს. მთავრობა მის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი