ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ოპოზიცია და ვეტერანები [დე ფაქტო] პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ

5 ნოემბერი, 2021 •
აფხაზეთში ოპოზიცია და ვეტერანები [დე ფაქტო] პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში გაერთიანებული ოპოზიცია და მისი ლიდერები, ადგურ არძინბა და კან კვარჩია აცხადებენ, რომ გამართავენ სახალხო მსვლელობას პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით.

4 ნოემბერს სოხუმში პარალელურად გაიმართა ორი, ხელისუფლებისა და ოპოზიციის საპროტესტო აქცია. ოპოზიციის აქციაზე ძირითადად აფხაზეთის ომის ვეტერანები შეიკრიბნენ. აქცია უკავშირდებოდა 30 სექტემბერს სოფელ აძიუბჟას მცხოვრებლების მილიციასთან დაპირისპირებას, სადაც ვეტერანები დაზარალდნენ. ინციდენტის შემდეგ ოპოზიცია და ვეტერანები [დე ფაქტო] შს მინისტრის გადადგომას მოითხოვდნენ, რაც პრეზიდენტმა ბჟანიამ არ დააკმაყოფილა.

მიტინგზე ძირითადად საუბრობენ იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი ასლან ბჟანია სიტუაციას ვერ გაუმკლავდა და ვერ დასაჯა მაშინდელ ინციდენტში დამნაშავეები.

ოპოზიციის პროტესტს იწვევს ის ფაქტიც, რომ სოხუმის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა არ დააპატიმრებინა სპეციალური დანაყოფის ხელმძღვანელი რაშა ცვიჟბა და მისი მოადგილე დადინ ჩაჩხალია, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ვეტერანებთან ჩხუბში და რომელთა მოქმედებებში პროკურატურამ დანაშაულის ნიშნები დაინახა.

თავად ბჟანია გუშინდელ, ხელისუფლების მხარდამჭერ მიტინგზე გამოვიდა და განაცხადა, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ კონფლიქტი სამართლებრივ ჩარჩოებში გადაწყდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი