4 ნოემბერს, მე-18 დაწესებულების ხელახალი შემოწმების შემდეგ, სახალხო დამცველი  აცხადებს, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

როგორც 4 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში წერია, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მიღებისთვის N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმეს.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა კონსილიუმის ახალ დასკვნებში (2021 წლის 3 ნოემბრისა და 2021 წლის 28 ოქტომბრის) მითითებულ სამედიცინო სტანდარტებთან დაწესებულების შესაბამისობის ხარისხის მონიტორინგი.

კერძოდ, შემოწმდა, თუ რა ცვლილებები განხორციელდა დაწესებულებაში სახალხო დამცველის რწმუნებულების წინა, 2021 წლის 24 ოქტომბრის ვიზიტის შემდგომ. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ

  • დაწესებულება აღიჭურვა დუპლერ-სკანირების აპარატით. ამასთან, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული ინტენსიური მზადება კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატის ინსტალაციის მიზნით.
  • „დაწესებულების ადმინისტრაციისა და სამედიცინო პერსონალის განმარტებით, აღნიშნული პროცესი დასრულდება რამდენიმე დღეში“, – წერს სახალხო დამცველი.
  • გარდა ამისა, დაწესებულებაში დასაქმდა 5 ექიმ-რეანიმატოლოგი, რომლებიც მორიგეობას უწყვეტად ახორციელებენ. ამასთან, სახალხო დამცველის რწმუნებულები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ დაწესებულებას გააჩნია სრულად აღჭურვილი ლაბორატორია და შესაბამისი სამედიცინო პერსონალი.

თუმცა, „დადებითი ცვლილებების“ მიუხედავად, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, „სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 3 ნოემბრისა და 28 ოქტომბრის დასკვნებსა და რეკომენდაციებს“.

კერძოდ: „დაწესებულებაში არ ფუნქციონირებს კათეტერიზაციის ლაბორატორია და არ არის აღჭურვილი მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატით. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, მას ვერ მიაწოდებენ კონსილიუმის დასკვნით განსაზღვრულ ყველა საჭირო სამედიცინო სერვისს“.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს მიხეილ სააკაშვილის პირადი უსაფრთხოებისა და მისთვის ღირსების შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფის საკითხსაც და კიდევ ერთხელ იმეორებს:

„N12 პენიტენციური დაწესებულების კატეგორიის პატიმრის მოთავსება ისეთ დაწესებულებაში, სადაც მას სხვა პატიმრებთან შესაძლოა ჰქონდეს გადაკვეთა, წარმოშობს როგორც N18, ისე N8 დაწესებულების დეზორგანიზაციისა და უსაფრთხოების რისკებს. ამ კუთხით არსებული ვითარება წინა ვიზიტის შემდგომ არ შეცვლილა. დაწესებულებაში ფიზიკური უსაფრთხოების რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი, თუმცა არსებული ინფრასტრუქტურა და გარემო ვერ გამორიცხავს პატიმართა გარკვეული ჯგუფების მხრიდან ვერბალური აგრესიისა და ხმაურის, სიტყვიერი შეურაცხყოფის თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის რისკებს“.

სახალხო დამცველის განცხადების თანახმად, „პრობლემური იქნება მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორების შესვლაც, ვინაიდან ნებისმიერ შემსვლელს, მათ შორის ადვოკატებს, მოუწევთ გაიარონ N8 დაწესებულების ეზო, სხვა პატიმართა საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს, რა დროსაც იზრდება გარკვეული სიტყვიერი დაპირისპირებისა თუ შეურაცხყოფის მიყენების საფრთხე“.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ N18 დაწესებულებას, ზოგადად, გააჩნია სხვადასხვა სამედიცინო საჭიროებების მქონე პატიმართათვის, მათ შორის, მოშიმშილე პატიმართათვის, შესაბამისი სერვისის მიწოდების შესაძლებლობა. თუმცა თითოეული პატიმრის საჭიროება განისაზღვრება ინდივიდუალურად, ექიმ-სპეციალისტთა ან კონსილიუმის მიერ, რაც ზედმიწევნით უნდა დააკმაყოფილოს პენიტენციურმა სისტემამ. ამასთან, სამედიცინო სერვისის მიწოდების პარალელურად, დაუშვებელია, რომელიმე პატიმარი მოთავსდეს მისი პატივისა და ღირსების შემლახავ გარემოში.

„სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უნდა იხელმძღვანელოს ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის დასკვნებისა და ადამიანის ღირსების შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფის ვალდებულების შესაბამისად და შეურჩიოს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება“, – ნათქვამია განცხადებაში.