მეორე ვადით არჩეული თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.
კითხვაზე, რას ფიქრობს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებზე, კახა კალაძე პასუხობს, რომ მათ საკუთარი შეხედულებების გამოხატვის უფლება აქვთ, თუმცა ისურვებდა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ჯანსაღი პოლემიკა არსებობდეს.
“ოპოზიციის გადასაწყვეტია აქციების გამართვა და საკუთარი შეხედულებების სხვადასხვანაირად გამოხატვა. მე, როგორც ქალაქის მერი, ვისურვებდი, რომ ჩვენ შეგვძლებოდა ჯანსაღი პოლემიკა, დებატები სხვადასხვა საკითხზე. მე პირადად მზად ვარ, ეს ნაბიჯი გადავდგა ამ ქალაქისა და აქ მცხოვრები ადამიანებისთვის.
ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ნამდვილად არ მინდა საზოგადოების და თბილისელების დაყოფა ჩემიანებად და არაჩემიანებად. მე ვარ ყველას მერი… მზად ვარ ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის, მათ შორის, იმ ადამიანებთან, რომლებიც თბილისის საკრებულოში არიან წარმოდგენილნი. მოვიდნენ, დავსხდეთ, ვისაუბროთ.
მხოლოდ ჩვენ კი არ ვიცით ამ ქალაქის პრობლემები. შეიძლება, რაღაც შეგვეშალოს, გამოგვრჩეს”, — განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ თანამშრომლობა საჭიროა.
“აუცილებელი არაა მეგობრები ვიყოთ, მაგრამ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმართვა, თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და საზოგადოებისთვის და ზოგადად, ამ ქალაქის განვითარებისთვის”, — დასძინა მან.
ის გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასაც და თქვა, რომ როდესაც ადამიანს ჩადენილი აქვს ძალიან მძიმე დანაშაულები, მან პასუხი უნდა აგოს.
“რატომ უნდა უხაროდეს ვინმეს თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა?! რა არის ამაში სასიხარულო, მაგრამ ადამიანს როდესაც ასეთი მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი… იყო მთავარი შემოქმედი რეჟიმის, რომელიც აუბედურებდა, კლავდა, ოჯახები, ახალგაზრდები, გაანადგურა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ეს ხომ ძალიან ცუდი იყო და არავის მოგვწონდა?!
ამ ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას და ვერავინ უნდა გაბედოს თავისი ქვეყნის მოქალაქეების ჩაგვრა, ძალადობა და მსგავსი დამოკიდებულება”, — განაცხადა კახა კალაძემ.
სამოქალაქო კლინიკაში ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე კახა კალაძე პასუხობს, რომ “თუ რამე აუცილებლობა იქნება, პენიტენციური სისტემა ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს, როგორც სხვა პატიმრების შემთხვევაში”.
კახა კალაძის კომენტარს თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.