ახალი ამბები

“შვილს თვალწინ მიკლავენ” — გიული ალასანია ზელენსკის დახმარებას სთხოვს

4 ნოემბერი, 2021 •
“შვილს თვალწინ მიკლავენ” — გიული ალასანია ზელენსკის დახმარებას სთხოვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს და სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაში დახმარებას სთხოვს.

“ჩვენ სასოწარკვეთილი ვართ. შვილს ჩემ თვალწინ მიკლავენ. მინდა მივმართო ბატონ ზელენსკის — ახლა ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება მისი მხარდაჭერა. რამენაირად უნდა მოხერხდეს მისი უკრაინაში გადმოყვანა, რათა აქ შეძლოს შესაფერისი მკურნალობის და მზრუნველობის მიღება, რომ როგორმე იცოცხლოს. ის უკვე 35 დღეა, შიმშილობს, წარმოგიდგენიათ? ნებისმიერ წუთას შეიძლება, ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ეს არავის აწუხებს. ერთადერთი, რასაც სთავაზობენ, არის ციხის საავადმყოფო, სადაც არ არიან შესაბამისი სპეციალისტები და არანაირი პირობა არ არის. ახლა ერთადერთი თქვენი, უკრაინის იმედი მაქვს”, — აცხადებს გიული ალასანია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 35-ე დღეა, შიმშილობს. მისი თანაპარტიელები და მკურნალი ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა მძიმდება. ისინი მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო საავადმყოფოში, თუმცა იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი